18 ნოემბერს გორის სასამართლოში ძალადობაში ბრალდებული ექვსი პოლიციელის საქმის განხილვა განახლდა. პროცესზე დაიკითხა საქმის გამომძიებელი გიგა ხურციძე, რომელმაც ჟურნალისტების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები გაშიფრა.
პროკურორ დემეტრე ზუბაშვილის განცხადებით, ვიდეოჩანაწერებში ალექსი ბადალოვის მხრიდან ძალადობის ორი ეპიზოდი იკვეთება. მისი თქმით, პირველ ეპიზოდში ბადალოვი დაზარალებულს ორჯერ ურტყამს, მეორე ეპიზოდში კი - სამჯერ, მაშინ, როდესაც დაზარალებული მიწაზე წევს.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულებიდან წკრიალაშვილი, გოდერძიშვილი და მალაციძე ბრალს აღიარებენ, ხოლო ვიდეოჩანაწერებით პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდების ეპიზოდები დასტურდება.
განსხვავებულია დაცვის მხარის პოზიცია ალექსი ბადალოვთან დაკავშირებით. ადვოკატ ნოდარ ცინცაძის განცხადებით, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა ბადალოვის მხრიდან ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს. ამასთან, ექსპერტის დაკითხვა სასამართლოში ჯერ არ გამართულა.
„საქმეში წარმოდგენილია ვიდეოექსპერტიზის დასკვნები, თუმცა ექსპერტი სასამართლოში ჯერ არ დაკითხულა. ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ალექსი ბადალოვის მხრიდან დანაშაულის ჩადენა არ იკვეთება. ასევე გვაქვს კიდევ ერთი, ალტერნატიული ვიდეოექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბადალოვის მხრიდან დანაშაულის ჩადენა არც ამ შემთხვევაში დასტურდება“, - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ცინცაძემ.
მომდევნო სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს არის ჩანიშნული, სადაც მოწმეების დაკითხვა კვლავ გაგრძელდება.
საქმე ეხება 2026 წლის 27 მაისს გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც პოლიციელების მხრიდან ორი მოქალაქის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. საქმეზე ექვსი პოლიციელია ბრალდებული:
ალექსი ბადალოვი;
ვლადიმერ გოდერძიშვილი;
ვანიკო მისირელი;
გიორგი წკრიალაშვილი;
ბესო მალაციძე;
საბა წაველიძე.
სტატიის გამოყენების პირობები