ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში გზის მდგომარეობა კვლავ მძიმეა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გოსტიბეში გზის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სოფლის მცხოვრები მარიამ მოდრეკილაძე, რომელიც ფეხმძიმეა და ხშირად უწევს კასპში კონსულტაციებზე სიარული, ამბობს, რომ ასეთ გზაზე გადაადგილება მისთვის განსაკუთრებით რთულია.

„ორი კვირის წინ დაგვპირდნენ, გრეიდერს გამოგიგზავნით და გზას გავასწორებთო, მაგრამ დღემდე არავინ გამოჩენილა. არც გზა გასწორებულა და არც ვინმე დაინტერესებულა, რა მდგომარეობაში ვართ“, - წერს მარიამ მოდრეკილაძე.

მისი თქმით, სოფლის შემოსასვლელში ბეტონის საფარის დაგების საკითხიც გაჭიანურებულია. ტენდერი არ შედგა და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ახალი ტენდერი მომავალ წლამდე აღარ გამოცხადდება.

ადგილობრივები კითხულობენ, თუ ბეტონის გზის მოწყობა ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, მანამდე გზის მოსწორება და ელემენტარული მოწესრიგება რატომ არ შეიძლება.

მარიამ მოდრეკილაძე ასევე აღნიშნავს, რომ სოფელ ცხავერის სიახლოვეს, ე.წ. პანტებთან ლოდებია ჩამოშლილი.

„ჩვენ არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ, მხოლოდ იმას, რომ ნორმალური გზა გვქონდეს. გოსტიბეშიც ცხოვრობენ ადამიანები და ჩვენც გვჭირდება ყურადღება. რამდენჯერ უნდა ვითხოვოთ ერთი და იგივე? დროა, დაპირებები საქმით შესრულდეს“, - აცხადებს მარიამ მოდრეკილაძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები