ახალი ამბები
კასპში მე-4 საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა საკანალიზაციო წყლითაა დატბორილი

ქალაქ კასპში, თავისუფლების ქუჩის მიმდებარედ, მე-4 საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზა საკანალიზაციო წყლითაა დატბორილი.

როგორც ფოტოს ავტორი იტყობინება, გზის ამ მონაკვეთით მოსახლეობასთან ერთად საბავშვო ბაღის პედაგოგები, ბავშვები და მათი მშობლებიც სარგებლობენ.

„რამდენი წელია, ვწერ, რომ ამ გზაზე დადიან მე-4 ბაღის აღსაზრდელები და მთელი ამ უბნის მოსახლეობა. ხალხს ბავშვების ხელში აყვანით უწევს გადაადგილება. მილია გახეთქილი, კი გადავუშვით წყალი ხევისკენ, მაგრამ საშველი მაინც არ არის. რა გახდა ეს პატარა ქუჩა? უკანონოს ვითხოვთ რამეს? გამოჩნდით, ვინც წუხდებით, ვინც დადიხართ ცელოფნებამოცმული! ვისი გეშინიათ?“, - ეხმაურება ფოტოს ავტორს ადგილობრივი მცხოვრები ლალი ბაინდურაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი მილაძე კი წერს, რომ საბავშვო ბაღი 1999 წელს დაამთავრა და მაშინაც ამ გზით დაჰყავდათ ბაღში, თუმცა, მისი თქმით, იმ პერიოდში გზა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, ვიდრე დღეს.

ირაკლი მილაძე სააგიტაციო პროცესში ჩართულ პედაგოგებს ურჩევს, არჩევნების დროს ქალაქის მერს, ვახტანგ მაისურაძეს გზა გადაუკეტონ და ამით აიძულონ, თავად გაიაროს აღნიშნული მონაკვეთი, რათა პრობლემის სიმწვავე საკუთარი თვალით დაინახოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები