ახალი ამბები
გაერო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შიდა ქართლს ფინანსურად დაეხმარება

გაერო მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში შიდა ქართლს ფინანსურად დაეხმარება, სანაცვლოდ კი მუნიციპალიტეტებმა ანგარიშვალდებულება უნდა გაზარდონ.

კერძოდ, მუნიციპალიტეტებმა მოსახლეობას უფრო ნათლად უნდა აუხსნან, რა გადაწყვეტილებებს იღებენ, რაში ხარჯავენ ბიუჯეტს და რა შედეგები აქვთ.

ამ საკითხებზე გაეროს წარმომადგენლები შიდა ქართლში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაში გაეროს 8 ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა:

  1. FAO - სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაცია;

  2. IOM - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია;

  3. UNDP - გაეროს განვითარების პროგრამა;

  4. UNFPA - გაეროს მოსახლეობის ფონდი;

  5. UNHCR - გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი;

  6. UNICEF - გაეროს ბავშვთა ფონდი;

  7. UN Women - გაეროს ქალთა ორგანიზაცია;

  8. WHO - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

„გაეროს ორგანიზაციები ყურადღებას გაამახვილებენ ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, ნარჩენების მართვისა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე. ასევე, საუბარი იყო საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის დახმარებაზე, ახალგაზრდების დასაქმებასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე“, - ვკითხულობთ პრესრელიზში.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა თანხას მიიღებს შიდა ქართლი, რომელ პროექტებს დააფინანსებს გაერო და როდის დაიწყება მათი განხორციელება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები