ახალი ამბები
გორის მერიისთვის ჩინეთიდან მინი სატვირთო მანქანა და საახალწლო მორთულობები ჩამოაქვთ

გორის მერიისთვის ჩინეთიდან მინი სატვირთო მანქანა და საახალწლო მორთულობები მოაქვთ. ამჯერად შესყიდვების საერთო ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია.

აქედან 60 500 ლარი მინი სატვირთოს შეძენაზე დაიხარჯება, ხოლო 424 000 ლარი - საახალწლო მორთულობებზე.

საახალწლო მორთულობების მოწოდება კომპანია „დანდის“ დაევალა, სატვირთო მანქანის კი - კომპანია „სენა მოტორსს“. მინი სატვირთო მანქანის ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით, მას გავლილი უნდა ჰქონდეს მინიმუმ 119 000 კილომეტრი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც გორის მერია ჩინეთიდან ტექნიკას ყიდულობს:

  • 2025 წელს მუნიციპალიტეტმა ორი დიდი ავტობუსი შეიძინა, რაშიც 600 000 ლარი დაიხარჯა. ავტობუსები სპორტსმენებისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ამჟამად ერთ-ერთი მათგანის ადგილსამყოფელი გაურკვეველია.

  • როგორც „ქართლის ამბებს“ აცნობეს, ერთ-ერთი ავტობუსის იატაკი დაჟანგული იყო. გამოცემა მისი ადგილსამყოფლის გარკვევას სპორტის სააგენტოში შეეცადა, თუმცა ავტობუსის ნახვის შესაძლებლობა არ მისცეს. უწყებაში მხოლოდ ის აღიარეს, რომ ერთ-ერთ ავტობუსს პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება დასჭირდა.

  • 2026 წლის გაზაფხულზე გორის მერიამ დამატებით ორი ჩინური მინი ავტობუსის შესაძენად 400 000 ლარი დახარჯა.

  • უფრო ადრე, 2023 წელს ჩინეთში შეიძინეს ევაკუატორიც, რომლის ღირებულება 190 000 ლარი იყო.

საერთო ჯამში, ჩინეთიდან ავტობუსების, ევაკუატორისა და მინი სატვირთო მანქანის ჩამოსაყვანად, საახალწლო მორთულობებთან ერთად, მერია 1 674 500 ლარს ხარჯავს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები