გორის მერიამ 2026 წლის 9 თვეში აუთვისებელი 11 მლნ ლარის განაწილება დაიწყო. სულ რამდენიმე დღეში გამოაცხადებენ, რომ 4.1 მლნ ლარი გამოიყო კომბინატის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის.
ზუსტად ამდენი თანხა უკვე დაიხარჯა მე-11 სკოლის ასაშენებლად. ამ სკოლას 2022 წლიდან აშენებენ და დღესაც გაურკვეველია, გაგრძელდება თუ არა მშენებლობა, რადგან ექსპერტიზის ახალ დასკვნას ელოდებიან. გაურკვეველია მე-4 სკოლის შენობის ბედიც, სადაც სწავლა 2023 წლიდან შეწყვეტილია და ჯერ არ იციან, დაანგრევენ თუ განაახლებენ არსებულ შენობას.
რაც შეეხება წლევანდელ სხვა აუთვისებელ თანხებს, ბიუჯეტი შემდეგნაირად ნაწილდება:
2 მლნ ლარი - ტყვიავის კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის;
1.2 მლნ ლარი - ვანო მურადელის სახელობის მუსიკალური სკოლის რეაბილიტაციისთვის;
1.2 მლნ ლარი - ატენი-ბოშურის გზის განათებისთვის (ამ პროექტზე ტენდერი ბოლო 2 წელიწადში რამდენჯერმე გამოცხადდა);
1.5 მლნ ლარი - ბოშურის წყალმომარაგებისთვის;
424 000 ლარი - საახალწლო 3D სიმულაციური მორთულობებისთვის.
სტატიის გამოყენების პირობები