ახალი ამბები
ახალ ტაძარში მღვდელთმსახურება ქართულ და ოსურ ენებზე შესრულდება
ქართულ-ოსური ეკლესია ანუ მიტევების ტაძარი მცხეთაში შენდება.

სამშენებლო სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გახსნა მიმდინარე წლის 6 მაისს წმინდანის ხსენების დღეს იგეგმება.

პირველი მღვდელთმსახურება ტაძარში ქართულ და ოსურ ენებზე იქნება.

ინფორმაციას სააგენტო „ეხოკავკაზა“ ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით ტაძრის მშენებლობის ინიციატორი ქართველი მეცენატი ზვიად ჩიტიშვილია, თანხა მან და ქართველ და ოს მართლმადიდებელმა მრევლმა ერთობლივად შეაგროვეს.

საძირკვლის გაჭრაზე დელეგაცია მიწვეული იყო, როგორც ჩრდილოეთ ოსეთიდან, ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან.

ტაძრის მშენებლობის ინიციატორები ამბობენ, რომ ტაძარი  საქართველოში მცხოვრები ოსებისთვის მართლმადიდებლების აკვანი უნდა გახდეს და სამშობლოს კუნძულად იქცეს იმ ოსებისთვის, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან.

ოსეთის დიასპორის თავმჯდომარე საქართველოში მორჩილი გიორგი სოკუროვი ,,ეხო კავკაზასთან" საუბარში ტაძრის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„წმ. გიორგის სახელობის ტაძარი შენდება ოსებისა და ქართველების ერთობლივი ძალისხმევით. საქართველოში არსებული წმ. გიორგის სახელობის ყველა ტაძრიდან მოტანილია თითო ქვა, რომელსაც ტაძრის მოპირკეთებისთვის გამოვიყენებთ. ტაძარი შიგნიდან მოიხატება, გამოყენებული იქნება ქართული და ოსური ეროვნული ორნამენტები. ეს ტაძარი იქნება მნიშვნელოვანი ორი ერის ისტორიაში, რადგან საქართველოში მღვდელმსახურება არასოდეს ყოფილა ოსურ ენაზე „ - განმარტავს გიორი სოკუროვი.

ტაძრის მშენებლობა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მე-2 აკურთხა. წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი ვლადიკავლაზში დაბადებული თეიმურაზ შიოლაშვილი იქნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები