ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე ტენიანი ბაღები წლების განმავლობაში
ზაფხულის გვალვებისგან დაცვის ბუნებრივ საშუალებად მიიჩნეოდა. თუმცა,
კლიმატური პირობების ცვლილებამ, ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ,
მავნებლების მომრავლებამ და არარეგულირებულმა იმპორტმა ადგილობრივი
ფერმერები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ვასილ ბაქრაძე, რომელიც
ძმასთან ერთად უკვე მეორე ათწლეულია სოფლის მეურნეობას მისდევს,
დეტალურად საუბრობს იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომელიც 60 მეასედი
მიწის ნაკვეთიდან 10 ჰექტრამდე გაფართოების გზაზე დააგროვა.
ვასილ ბაქრაძის ფერმერული საქმიანობა 2007 წელს დაიწყო. მაშინ ის და
მისი ძმა ჯერ კიდევ პატარები იყვნენ, როდესაც მეგობრის მაგალითით
შთაგონებულებმა სულ რაღაც 60 მეასედ მიწის ნაკვეთზე პომიდვრის მოყვანა
გადაწყვიტეს. წლების განმავლობაში მიღებულმა ცოდნამ და შრომამ
მეურნეობის ეტაპობრივი გაფართოება განაპირობა და დღეს ძმები უკვე
დაახლოებით 10 ჰექტარ მიწას ამუშავებენ.
მიუხედავად მასშტაბების ზრდისა, ბუნებრივ ფაქტორებთან გამკლავება
ყოველწლიურად სულ უფრო რთული ხდება. ქარელის ტენიანი ნიადაგები,
რომლებიც ადრე ფერმერების უპირატესობად ითვლებოდა, უხვი ნალექისა და
გრილი ღამეების პირობებში პრობლემად იქცა.
„ღამით, როდესაც ტემპერატურა 15 გრადუსამდე ეცემა, მცენარეები სტრესს
განიცდიან. მხოლოდ კომბოსტო კი არა, ბევრი სხვა კულტურაც ზიანდება.
ამასთანავე, უხვი ნალექი არცერთ მცენარეს არ უხდება, როგორი
წყალმოყვარულიც არ უნდა იყოს ის“ - აღნიშნავს ვასილ ბაქრაძე.
ტემპერატურულმა სტრესმა და ჭარბმა ტენიანობამ მოსავლის მიღების
ვადებზე პირდაპირი გავლენა იქონია. ფერმერის თქმით, მცენარეების
განვითარება დაახლოებით თვე-ნახევრით ან ორი თვით დაგვიანდა. პომიდორს
ყვავილი ორჯერ დასცვივდა, ხახვის ნაწილი კი ნაკვეთებში დალპა.
დაგვიანებული განვითარების ფონზე, მცენარის ზრდის დაჩქარება უხვი
სასუქების გამოყენებით ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა ვასილ ბაქრაძე
ამ მეთოდს კატეგორიულად ემიჯნება. მისი პრინციპული პოზიციაა, რომ
მოსავლის რაოდენობისა თუ სისწრაფის გამო ადამიანის ჯანმრთელობა რისკის
ქვეშ არ უნდა დადგეს.
კლიმატურ სტრესს თან დაერთო მავნებლების უჩვეულო მომრავლებაც,
განსაკუთრებით კი - ლოკოკინების. ზარალი მასშტაბური აღმოჩნდა:
პომიდვრის 10 000-დან 35 000-მდე ჩითილი დაზიანდა, ხოლო კიტრის 7-8
ათასი ჩითილიდან გადარგვა მხოლოდ 1 000-მდე ნერგისა მოხერხდა.
ლოკოკინებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს გოგრასა და
საზამთროსაც.
ქიმიური ჩარევის ნაცვლად, ფერმერი კოლეგებს კულტურათა სწორი
დაგეგმარებისა და ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმების გამოყენებას
ურჩევს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ სხვადასხვა მცენარის ერთმანეთთან
სიახლოვეს დარგვით მავნებლების ბუნებრივად მოგერიებაა
შესაძლებელი.

„არსებობს მცენარეები, რომლებიც ერთმანეთის მავნებლებს ბუნებრივად
აფრთხობენ. მაგალითად, ხახვის მავნებელს სტაფილოს სუნი არ მოსწონს,
ხოლო სტაფილოს მავნებელს - ხახვის. ამიტომ ამ კულტურების ერთმანეთთან
ახლოს დარგვაა სასურველი. ვცდილობთ, ისეთი მცენარეები ერთად
გავაშენოთ, რომლებიც ბუნებრივად იცავენ ერთმანეთს“ - განმარტავს
ფერმერი.
მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ წლებში რომელიმე კულტურა ვერ
ამართლებს, ვასილ ბაქრაძის მეურნეობა მთლიანობაში მაინც მცირე
მოგებაზე გადის. თუმცა, ფერმერის შეფასებით, ყოველი მომდევნო წელი სულ
უფრო რთულდება და მთავარი დაბრკოლება არა ბუნებრივი პირობები, არამედ
ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემოა.
მისი დაკვირვებით, ადგილობრივი მწარმოებლები პრაქტიკულად დაუცველები
არიან უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციისგან, მაშინ როცა ქართული
ბოსტნეულის ექსპორტზე გატანა თითქმის არ ხდება. ფერმერი მიიჩნევს, რომ
არსებული სახელმწიფო პროგრამები - „აწარმოე საქართველოში“ და „დანერგე
მომავალი“ - სასურველ შედეგს ვერ მოიტანს, თუ პროდუქციის რეალიზაციის
პრობლემა არ მოგვარდება.
„პროგრამებს - „აწარმოე საქართველოში“ და „დანერგე მომავალი“ - აზრი
ეკარგება, თუ ფერმერსა და გლეხს საკუთარი პროდუქციის ნორმალურ ფასად
გაყიდვის შესაძლებობა არ ექნება.
აუცილებელია, საქართველოში იმპორტისა და ექსპორტის პროცესი ისე
დარეგულირდეს, რომ ადგილობრივ ფერმერებსა და გლეხებს ჰქონდეთ
შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქცია ჯერ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდონ,
ხოლო თუ ამის შესაძლებლობა არ იქნება, ექსპორტზე გაიტანონ.
დაუშვებელია, ფერმერი იძულებული იყოს, პროდუქცია თვითღირებულებაზე
ნაკლებ ფასად გაყიდოს“, - ამბობს ვასილ ბაქრაძე.
სწორედ არასტაბილური ბაზარი და პროდუქციის ჩაბარების სირთულე გახდა
მიზეზი იმისა, რომ სოფლის მეურნეობით დაინტერესებულმა არაერთმა
ახალგაზრდამ, რომლებმაც ბაღები გააშენეს, საქმიანობაზე ხელი ჩაიქნია,
ნაწილმა კი ქვეყანაც დატოვა.
არსებული სირთულეების ფონზე, ვასილ ბაქრაძე ერთ მნიშვნელოვან დადებით
ტენდენციას გამოყოფს: ქართველი მომხმარებლის დამოკიდებულება შეიცვალა
და ბაზარზე ადგილობრივ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა. ფერმერი, რომელიც
თავადაც აქტიურად უწევს პოპულარიზაციას ქართულ ნაწარმს, მიიჩნევს, რომ
სექტორის გადასარჩენად საზოგადოებისა და ფერმერების ურთიერთმხარდაჭერა
გადამწყვეტია.
მისი მთავარი გზავნილი მარტივი და პრაქტიკულია: სანამ ბაზრის
რეგულირების მექანიზმები სრულყოფილად ამუშავდება, ადგილობრივმა
მწარმოებლებმა და მომხმარებლებმა ერთმანეთი უნდა გააძლიერონ, რათა
ქართულმა მეურნეობებმა არსებობა შეძლონ და სოფლის მეურნეობამ
პერსპექტივა არ დაკარგოს.
სტატიის გამოყენების პირობები