2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ საქართველოს
მთავრობა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დააყენებს
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხს,
დედაქალაქსა და რეგიონებში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები
მოჰყვა.
მხოლოდ 10-დღიან ინტერვალში, 28 ნოემბრიდან 6-7 დეკემბრის ღამის
ჩათვლით, საპოლიციო ძალებმა აქცია 7-ჯერ დაარბიეს და ასობით
დემონსტრანტი დააკავეს.
სახალხო დამცველის მიერ მონახულებული დემონსტრანტების 69% არასათანადო
მოპყრობაზე მიუთითებდა; 170-მდე პირს ხილული დაზიანებები
აღენიშნებოდა, 120-მდე პირს კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
ათობით დემონსტრანტი საუბრობდა გდდ-ის წევრების მხრიდან ძალადობის
ერთგვაროვანი ხერხების გამოყენებაზე - დემონსტრანტებს მიზანმიმართულად
ურტყამდნენ სახისა და თავის არეში.
ზამთრის აქციების მონაწილე 105 დემონსტრანტს აქვს დაზარალებულის
სტატუსი, თუმცა კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა მხოლოდ 3 საქმეზე გამოიკვეთა.
ორი წლის თავზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები
კვლავ გამოუძიებელია.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა ცემისა
და ძალადობის გარდა, ამ პერიოდში დაფიქსირდა უცნობი პირების მიერ
სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და საჯარო ფიგურების დევნისა
და მათზე თავდასხმის ფაქტები, ორგანიზებული სატელეფონო მუქარები და
ძალადობის სხვა ფორმები.
ფოტო: ბაჩანა საჯაია, მასალა ,,პუბლიკა"
სტატიის გამოყენების პირობები