ახალი ამბები
პატრულის დევნა ქარელიდან გორამდე
გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის გამო, ვაშლიჯვარში მცხოვრები ვალერი უმეკაშვილი პატრულმა გუშინ  55-ედ გააჩერა.

25 აპრილს შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი მას ავტობანზე, ქარელიდან გორის გვირაბამდე, უშედეგოდ მისდევდა.

მანქანის შესაჩერებლად დამატებითი ეკიპაჟის გამოძახება ქალაქ გორის სახაზო უბნიდან გახდა საჭირო.

დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის მძღოლი გორთან პატრულ-ინსპექტორმა ფიზილ მამედოვა შეაჩერა. 

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც პატრულ-ინსპექტორმა, გორის რაიონულ სასამართლოში, ადმინისტრაციული წესით დაკავებული ვალერი ემეკაშვილი წარადგინა.

„საღამოს, 6 საათისთვის, ავტომაგისტრალზე, დასავლეთიდან თბილისიკენ მიმართულებით მოძრაობდა BMW-ეს მარკის ავტომანქანა, რა დროსაც მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია, პიროვნება მოძრაობდა დაახლოებით 200კილომეტრი სიჩქარით. პატრული კარგა ხანს მისდევდა მანქანით, მაგრამ მძღოლი ვითომ ვერც ამჩნევდა, იგივე სიჩქარით აგრძელებდა მოძრაობას. მორიგე ეკიპაჟებმა ქარელიდან სდიეს გვირაბამდე, შემდეგ ჩვენს ათმეთაურს გადასცეს ინფორმაცია და  გორის გადასახვევთან გავაჩერეთ." - განაცხადა მემედოვმა სასამართლო პროცესზე.

აღმოჩნდა, რომ პატრულის მანქანებს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობის დამაფიქსირებელი რადარები არ აქვთ. გორის ეკიპაჟმა მძღოლს მხოლოდ 50 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა, თითქოს, გასწრების მაჩვენებელი ციმციმის გამოუყენებლობის გამო.

,,ჩვენს მანქანებს რადარები არ აქვს, რომ სიჩქარე დააფიქსიროს, ამიტომ ვალერი უმეკაშვილის გაჩერების შემდეგ, მოძრაობის წესების დარღვევის გამო, 50 ლარიანი ჯარიმა დავუწერეთ, რაზეც უმეკაშვილი გაღიზიანდა და ჩემს თანამშრომლებს აგინა, ამის შემდეგ მოხდა მისი ადინისტრაციული წესით დაკავება, რასაც რამდენიმე წუთი დაჭირდა, მიზეზი კი ის იყო, რომ უმეკაშვილი პატრულის თანამშრომლებს დაკავებისას არ ემორჩილებოდა და ჭიდაობას უნდებოდა“ - ამბობს პატრულის თანამშრომელი მამედოვი.

უმეკაშვილმა განაცხადა, რომ მას ეჩქარებოდა თბილისში ჩასვლა, რადგან ბავშვი ჰყავდა ავად.

„ჯერ ერთი 200 კმ/სთ სიჩქარით არ ვმოძრაობდი, 160 იქნებოდა ჩემი მანქანის სიჩქარე, გამაჩერეს და მეუბნებიან წესების დარღვევის გამო გაჯარიმებთო, ციმციმა არ გქონდა ჩართულიო, არადა ჩართული მქონდა, 50 ლარი დამიწერა და, როცა ვუთხარი, რის გამო მიწერთ, არაფერი წესი არ დამირღვევია-მეთქი, პატრულმა ასეთი პასუხი გამცა „არ მაინტერესებს, მე რაც ვთქვი, ისეაო“, ვეხვეწებოდი მალე გამიშვით, ბავშვი მყავს ცუდად და ძალიან მეჩქარება-მეთქი, მაგრამ არ გაითვალისწინეს, ამაზე გავბრაზდი და დაკავებისას შევეწინააღმდეგე“ - განაცხადა ვალერი უმეკაშვილმა.

,,ბატონო ვალერი, იცით, რამდენჯერ ხართ ცნობილი ანალოგიური მიზეზით სამართალდამრღვევად ცნობილი? 54-ჯერ... გუშინდელი შემთხვევა 55-ეა" - უთხრა მოსამართლემ მოქალაქეს.

მოსამართლე დავით პაპუაშვილმა 36 წლის მოქალაქე სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის ზომად 400 ლარი დააკისრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები