ახალი ამბები
გორში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა

სპორტული ოლიმპიადა უკვე მეორე წელია საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში იმართება ოლიმპიურ გუნდურ სახეობებში: მინიფეხბურთში, კალათბურთში, ფრენბურთში, ბადმინტონში, მაგიდის ჩოგბურთში, ხელბურთსა და გეზრბენში. ხოლო არაოლიმპიური სახეობებიდან ჩემპიონატის ფარგლებში იმართება ,,მხიარული სტარტები“ უმცროსი ასაკის ბავშვების მონაწილეობით.

რეგიონული სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გორში მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა.

შეჯიბრებაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქარელის, კასპის, ხაშურის, გორის თემისა და ქალაქ გორის საჯარო სკოლების ნაკრები გუნდები.

ტურნირში გოგონებისა და ვაჟების ნაკრებ გუნდებს შორის გამარჯვებულები გახდნენ კასპის სკოლის მოსწავლეები.

სასკოლო ოლიმპიადა გორში 18 აპრილს გაიხსნა.

მაგიდის ჩოგბურთის გარდა უკვე გაიმართა შეჯიბრებები ფრენბურთსა და ხელბურთში.

ოლიმპიადის მომდევნო სახეობა მინი ფეხბურთია.

საფეხბურთო თამაშები 4-5 მაისს 15:00 საათზე გაიმართება ჭალის დასახლების მინი სტადიონზე.

ოლიმპიადის ინიციატორია ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ხოლო ადგილობრივი ტურნირების ორგანიზატორი - გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება, რომელმაც ოლიმპიადის გორელი მონაწილეებისთვის სპორტული ფორმები შეიძინა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები