ახალი ამბები
ძლევიჯვარში მგელი ეზოში დააბეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ერთ-ერთ მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში მგელი ჰყავს დაბმული.

ამის შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა ინფორმაცია გადაამოწმეს და ფაქტი დადასტურდა.

,,თანამშრომლებმა მოქალაქის მიერ მგლის დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევის მიმართ შედგენილია შესაბამისი აქტი." - აცხადებენ გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში.

დეპარტამენტი მოუწოდებს მოქალაქეებს, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში,  ცხელ ხაზზე 153 დარეკონ, რათა დეპარტამენტის შესაბამისმა სამსახურმა დროულად შეძლოს რეაგირება.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თეიმურაზ ჩაგელიშვილის თქმით, მისთვის უცნობია მსგავსი ფაქტი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ძლევიჯვარში იმ ოჯახს ესტუმრა, სადაც მგელი ეზოში ჰყავთ დაბმული.

ოჯახის წევრებმა გადაღების უფლება არ მოგვცეს.

გვითხრეს, რომ მგელი არა თუ დაატყვევეს, არამედ ოჯახის ახალგაზრდა წევრმა, დაახლოებით ერთი წლის წინ, პატარა იპოვა.

ნაპოვნი მგლის ლეკვი გაზარდეს.

მგელთან ერთად რუხი ფერის ,,ლაიკა" იზრდება. ისინი შემოღობილ გალიაში ერთად არიან მოთავსებული და დაბმული.

ოჯახის წევრების განცხადებით, მგელს უახლოეს ხანებში გარემოსდამცველები წაიყვანენ. თავდაპირველად, ზოოპარკის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ, თუმცა, იქ შესაბამისი ადგილი არ აღმოჩნდა.

ჟურნალისტების თანდასწრებით, მგლის ლეკვის გამზრდელი გარეულ ცხოველს მოეფერა და დინგზე ყბაც გაუხსნა.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე, მგლის გაშვება ველად დაუშვებელია, რადგან ცხოველს ადაპტაცია გაუჭირდება.

,,სპეციალისტების ყურადღების ქვეშ იქნება და გარკვეული დროის შემდეგ ის მოთავსებული იქნება შესაბამის ადგილზე" - გვაცნობეს გარემოსდაცვით დეპარტამენტიდან.

Print

სტატიის გამოყენების პირობები