ახალი ამბები
შინდისის წარმომადგენელს თანასოფლელები უპირისპირდებიან
სოფელ შინდისში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს ვახტანგ მთავარაძეს უპირისპირდება.

მათი თქმით, გამგებლის წარმომადგენელი მთელი დღე ,,ბირჟაზე" ნარდს თამაშობს.

პრეტენზიები საკრებულოს თავმჯდომარესთან კოტე თავზარაშვილთან გამართულ შეხვედრაზე გაისმა.

ქალბატონი, ვინც ეს განცხადება გააკეთა, კოალიცია ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერია, თუმცა ვინაობა არ გაამხილა.

,,პრეტენზია გვაქვს წარმომადგენელთან. სოფელში ამხელა სეტყვა მოვიდა, წარმომადგენელი კი, ,,ზაპრავკაზე" ზის და მთელი დღე ნარდს თამაშობს" - უთხრა კოტე თავზარაშვილს.

კოტე თავზარაშვილისთვის აქამდე უცნობი იყო, თუ ვინმეს მთავარაძის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა.

,,სხვათა შორის, აზრი მკითხეს, როდესაც მას წარმომადგენლად ნიშნავდნენ. მთვარაძეს დიდი ხანია ვიცნობ და საწინააღმდეგო არაფერი მქონდა" - განაცხადა კოტე თავზარაშვილმა.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ალეკო ვეშაპური ამბობს, რომ მთვარაძის მიმართ აქამდე შენიშვნები არ ყოფილა, ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის წერილობითი განცხადება მოითხოვა.

თუმცა მთავარაძე დანიშნულია თუ მოვალეობის შემსრულებელი, ვეშაპურმა ეს არ იცოდა.

მოვალეობის შემსრულებლებს კონკურსის გავლა არ ჭირდებათ.

რაც შეეხება შინდისელების პრეტენზიას, ისინი 6 მაისს მომხდარ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებას ითხოვდნენ.

მამუკა ლომსაძე, რომელიც შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო ცენტრის სახელით ესწრებოდა, ამბობს, რომ 11 მაისიდან სოფლებში სპეციალური კომისია ზარალის შესასწავლად გავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები