ახალი ამბები
სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო პრეპერატებს დღეიდან მიიღებს
შიდა-ქართლისა და კახეთის რეგიონებში, მიმდინარე წლის მაისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, დღეიდან, სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების მიღებას შეძლებს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი და შიდა-ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი სოსო ოქრომელიძე ფერმერებისთვის პრეპარატების დარიგების პროცესს გორში მდებარე ერთ-ერთ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიაში გაეცნენ.


სუბსიდირების თანხა 1 ჰა-ზე 180 ლარს შეადგენს.

დახმარებას მიიღებს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონების ყველა ის ბენეფიციარი, რომელსაც მრავალწლოვანი კულტურები დაუზიანდა 1-16 მაისის სეტყვის შედეგად. დაზარალებულ ფერმერებზე სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გაცემა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ შედგენილი სპეციალური სიების საფუძველზე მოხდება.

სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების გამოყენებით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ჩაატაროს დაზიანებული მრავალწლოვანი ნარგავების აღდგენისათვის საჭირო აგროტექნოლოგიური სამუშაოები.

ფერმერებს პრეპარატების მიღება აგრობარათებზე დარიცხული აგრო ქულების საშუალებით შესაბამის მუნიციპალიტეტში მდებარე სასოფლო-სამეურნეო ყველა იმ მაღაზიაში შეეძლებათ, რომლებიც მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამაში არიან ჩართულნი.

მაღაზიების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე: 247 01 01.

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზარალის რისკების შემცირების მიზნით, მოსახლეობას აგროდაზღვევის პროექტში ჩართვას სთავაზობს. 2016 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად პროექტის ფარგლებში ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 5ჰა-მდე მიწის ნაკვეთი. თითოეული დამზღვევი 60% ნაცვლად მიიღებს 70% - იან თანადაფინანსებას პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, ხოლო ვაზზე 40-ის ნაცვლად 50%-ს.

მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში ან უკვე არსებული საკადასტრო კოდით დაზღვევისას თანადაფინანსება არსებულზე 10%-ით მეტი იქნება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები