2016 წლის 20 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ოსური ფორუმის
მონაწილეებს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის
შესახებ რიგით მეორე საინფორმაციო ბიულეტენი წარუდგინა.
დოკუმენტში შესულია ინფორმაცია სახალხო დამცველის მიერ 2015 წლის
განმავლობაში გამართული შეხვედრების, გამოცემული ანგარიშების,
რეკომენდაციებისა და წინადადებების, წარმატებული საქმეების
შესახებ;
ასევე ასახულია ოსური ფორუმის საქმიანობა და სახალხო დამცველის
საგანმანათლებლო და ნდობის აღდგენის მიმართულებით განხორციელებული
აქტივობები.
ბიულეტენში ასევე გამოქვეყნებულია ინტერვიუ ექსპერტ იორგენ
იოჰანსენთან, რომელიც ადამიანის უფლებებისა და კონფლიქტის
ურთიერთმიმართებაზე საუბრობს.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განსაკუთრებულ ყურადღებას
უთმობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის და კონფლიქტურ რეგიონებში
მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლას და მათ
დაცვას.
2015 წელს გარკვეული სიახლეებია სახელმწიფო სერვისებით სარგებლობის
კუთხით საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები
პირებისათვის. თუმცა, სამედიცინო და სოციალურ სერვისებზე
ხელმისაწვდომობა მათთვის კვლავ არათანაბარია.
2015 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა სპეციალური
ანგარიში - „საქართველოში მცხოვრები ოსური თემის მიგრაცია და
მოქალაქეობასთან დაკავშირებული ცალკეული პრობლემები“.
ანგარიშს საფუძვლად დაედო 2014 წელს ჩატარებული კვლევა, რომლის მიზანი
იყო 1991–1993 წლებში შეირაღებული კონფლიქტებისა და ეთნიკური
დაძაბულობის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და
დარღვეული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელი რეკომენდაციების
შემუშავება.
სახალხო დამცველმა 2015 წელს სპეციალური ანგარიში მიუძღვნა გალის
რაიონში განათლების უფლების პრობლემებს. ანგარიშში „განათლების უფლება
გალის რაიონში: 2015-2016 სასწავლო წლის სიახლეები და თანმდევი
პრობლემები“ - დეტალურადაა აღწერილი 1995 წლიდან დღემდე გალის
მკვიდრთა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების და განათლების
ხელმისაწვდომობის შეზღუდვის, დისკრიმინაციისა და ბავშვებზე ძალადობის
ფაქტები და წარმოდგენილია შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
ანგარიშში ასახულია ის ღონისძიებებიც, რომლებიც სახალხო დამცველს
აუცილებლად მიაჩნია ადგილობრივ მკვიდრთა უფლებების დასაცავად.
2015 წლის განმავლობაში სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდებოდა
კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებებს, როგორც გამყოფი ხაზის
სიახლოვეს, ისე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე
მცხოვრებ თემებში; გაიმართა არაერთი შეხვედრა ადგილობრივ
მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივი და
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
სტატიის გამოყენების პირობები