ახალი ამბები
გორის გენდერის მედიაცენტრი შეხვედრა-დისკუსიების გამართვას იწყებს
გორის გენდერის მედიაცენტრი პოლიტიკური პარტიების და საზოგადოების წარმომადგენელთა შეხვედრა-დისკუსიების გამართვას  თემაზე ,,აირჩიე თანასწორობა" იწყებს.

პირველი შეხვედრა 9 ივლისს 12.00 სთ-ზე გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება და მას შვიდი პოლიტიკური პარტიის (ქართული ოცნება, თავისუფალი დემოკრატები, ეროვნული ფორუმი, საქართველოს კონსერვატიული პარტია, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი და ლეიბორისტული პარტია), არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები, ასევე დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აუდიტორიას გააცნობენ რამდენად გენდერულად მგრძნობიარეა მათი საარჩევნო პროგრამა, როგორ უწყობენ ისინი ხელს ქალებს პოლიტიკაში მოსვლისთვის და დარბაზის შეკითხვებსაც უპასუხებენ.

მომდევნო შეხვედრა აგვისტოში გაიმართება, რომელშიც სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

შეხვედრები იმართება პროექტის ,,ხმა მიეცი თანასწორობას“ ფარგლებში, რომელსაც ა/ო ,,ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის“ და გორის გენდერის მედიაცენტრი ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ( IFES) მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსახლეობაში ინფორმირებულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის კუთხით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები