ახალი ამბები
გორში ოლიმპიელთა მხარდასაჭერად ბილბორდი გააკრეს
გორის შემოსასვლელში რიოს ოლიმპიადის მონაწილეთა მხარდასაჭერად ბილბორდი გააკრეს.

ბილბორდი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ერთობლივი ძალისხმევით დამზადდა, დამონტაჟების სამუშაოებში კი უშუალოდ მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

,,გორი საქართველოს გამარჯვებისთვის“ ასეთია ბილბორდის სლოგანი, რომელიც გორის საჭიდაო სკოლების აღზრდილების ვაჟა მარგველაშვილის, ბექა ღვინიაშვილის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის, გენო პეტრიაშვილისა და ლაშა შავდათუაშვილის მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

,,ჩვენ ვამაყობთ ამ ბიჭებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ აგვისტოში რიოს ოლიმპიადაზე მათი ასპარეზობა მნიშვნელოვნად იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ნაკრების საბოლოო შედეგებზე ისევე, როგორც ეს მსოფლიო თასზე და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა, როცა სპორტულ კომენტატორებს პოპულარული ფრაზა ,,გორმა მოუგო გერმანიას“ ათქმევინეს.

ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, ხელი შევუწყოთ ჩვენი ბიჭების მოტივაციის ამაღლებას, რომ იქ, ბრაზილიაში, საკუთარი ქალაქის ქომაგობა მათ განსაკუთრებულად იგრძნონ“. -განაცხადა მერიის სპორტის განყოფილების უფროსმა თეა კეჩხუაშვილმა.

ბილბორდის გაკვრა იმ კამპანიის ნაწილია, რასაც ქალაქის მერია მოჭიდავეების მხარდასაჭერად გეგმავს.

კამპანიის ფარგლებში, აგვისტოში მერია შექმნის გორელ მოჭიდავეთა ფანკლუბს, სადაც გულშემატკივრებს მიეცემათ შესაძლებლობა დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი თანაქალაქელთა ასპარეზობას.

დაგეგმილია, ასევე, ფანკლუბიდან პირდაპირი გადაცემების ორგანიზება მერიის ფეისბუქგვერდის საშუალებით. ოლიმპიადის მსვლელობისას მერიის შენობაზე მოჭიდავეთა გამოსახულებით 10 მეტრიანი ბანერიც გადმოიკიდება.

ოლიმპიადა მიმდინარე წლის აგვისტოში ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების სახელით გორის საჭიდაო სკოლების აღზრდილები ვაჟა მარგველაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გენო პეტრიაშვილი და ლაშა შავდათუაშვილი მიიღებენ მონაწილეობას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები