ახალი ამბები
ნასვამებმა სამხედრო პოლიციის პიკაპით გორში დრიფტი მოაწყეს
სამხედრო პოლიციის პიკაპით ნასვამმა პირებმა ქალაქის ქუჩებში დრიფტი მოაწყეს.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სამხედრო ნომრიანი მანქანა, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრაობდა, მთავარ მოედანზე გააჩერეს.

სამივე მგზავრი ნასვამი აღმოჩნდა. მძღოლს კი, ალკოტესტზე სიმთვრალე 1000 პროპილზე მეტი დაუდგინდა.

,,იცოდეთ, ამას გაგისაჩივრებთ თბილისში!" - ეუბნებოდა სამხედრო პოლიციელი პატრულის ეკიპაჟის წევრებს.

,,თანამშრომლები არ ვართ? რატომ გვიწერთ ჯარიმას" - ამბობდა მეორე.

,,მეგობარო, შეყვარებულთან ჩამოვედი, არ შეგიძლიათ რომ გვაპატიოთ" - ეუბნებოდა სამხედრო პოლიციელი პატრულ-ინსპექტორს.

ამ საუბარს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი შეესწრო. პიკაპის საბარგულში კი, ნასუფრალი მწვადები, ნამცხვრები, სალათები და შამფურები ეწყო.

პატრულის ეკიპაჟს სამხედრო მანქანა საჯარიმოზე უნდა გადაეყვანა, თუმცა სამხედრო პოლიციელი ტალახაძე პატრულს მანქანას არ ატანდა.

,,20 წუთში ჩამოვა თბილისიდან ახლობელი და ამ მანქანით წაგვიყვანს" - ეუბნებოდა სამხედრო პოლიციელი პატრულ ინსპექტორს სოსო ხაინდრავას.

დაძაბული ვითარების გამო ადგილზე შიდა ქართლის პატრულის სამი ეკიპაჟი და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ.

პატრულის ეკიპაჟის ოცმეთაური გიორგი ჩოხელი სამართალდამრღვევებს უხსნიდა, რომ 20 წუთი ვერ დაელოდებოდნენ.

დაახლოებით 10 წუთის შემდეგ სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი მოვიდა და სამხედრო პოლიციის პიკაპით სამართალდამრღვევი მეგობრებთან ერთად დედალაქისკენ წაიყვანა.

,,ორ საათში გაიგებთ, რომ ფხიზელი ვარ" - იმუქრებოდა სამხედრო პოლიციელი, რომელიც თბილისში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში შესამოწმებლად წავიდა.

აღნიშნული ფაქტი წუხელ ღამის პირველ საათზე მოხდა.

დღეს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ მძღოლს სიმთვრალე ექსპერტიზის ბიუროშიც დაუდგინდა.

,,ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ მანქანას ჩვენი თანამშრომლები მართავდნენ. შესაბამისი მასალები უკვე თავდაცვის სამინისტროს გადმოეცა და დავიწყეთ შესაბამისი რეაგირება" - გვითხრეს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.

რა რეაგირება მოჰყვა თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სამხედრო პიკაპით ნასვამების მოძრაობას, ამას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ერთი კვირის შემდეგ გადაამოწმებს.



 

Print

სტატიის გამოყენების პირობები