ახალი ამბები
ჩხუბი რესტორანში – რატომ ჩანდნენ ინციდენტის დროს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები?

,,მე და ფალელაშვილი რესტორანში მაშინ მივედით, როდესაც გავიგეთ, რომ იქ ჩვენს მეგობარს სცემდნენ. ფაქტის შემსწრეები არ ვართ. რაკი რესტორანში მერე გამოვჩდნით, ალბათ, მაგიტომ გავრცელდა ხმა, რომ რესტორანში ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა იჩხუბესო” – ამბობს საარჩევნო შტაბის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი ნიკოლოზ ბიბილაშვილი.

პარტია ,,ქართული ოცნების” გორის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ მისი მონაცემებით ჩხუბში პარტიის წევრები არ მონაწილეობდნენ. ,,მეც მოვიკითხე ეს ამბავი, მაგრამ ვერც ერთი პიროვნება, ჩვენგან, ვერ აღმოვაჩინე, რომელიც ამ ფაქტის მონაწილე იქნებოდა. ჩვენგან დაკავებულიც არავინაა” – ამბობს კოტე თავზარაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური არ აკონკრეტებს დაკავებულის (თუ დაკავებულების) ვინაობას. ნიკოლოზ ბიბილაშვილის თქმით, მისი მეგობარი დაკავებული არაა. ბიბილაშვილი იმასაც ამბობს, რომ მისი მეგობარი, რომელსაც მეზობელი მაგიდის წევრები სცემდნენ, არც პარტიის წევრია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხულიგნობა არის ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადებისადმი აშკარა უპატივცემულობას. ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. რესტორნის თანამშრომლებმა გვითხრეს, რომ წუხანდელ ,,სმენა”-ში არ იყვნენ და ჩხუბის დეტალები არ იციან.

14 მარტს რესტორანში შეკრებილი ახალგაზრდები ,,თამარობის” დღესასწაულს აღნიშნავდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ჩხუბი, ცეკვის დროს, ერთ-ერთ გოგონასადმი გამოჩენილ უპატივცემულობას მოჰყვა. Qartli.gE შეეცდება დამატებითი დეტალებიც გაარკვიოს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები