ახალი ამბები
საკორინთლოში ოსურ სოფელთან დამაკავშირებელი არხი გაიჭრა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოში სოფელ აბრევთან დამაკავშირებელი არხი გაიჭრა.

სამუშაოები თითქმის დასრულებულია. მხოლოდ, რამდენიმე ადგილას ტრაქტორით ნარჩენი მასალებია გასატანი.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არხის ერთადერთ ფუნქციას მთიდან წამოსული ნიაღვრის გატარება წარმოადგენს.

ძლიერი ნალექის დროს წყალი ჯერ ოსურ სოფელ აბრევს გაივლის, შემდეგ საკორინთლოს.

საკორინთლოელი გივი და რუსუდან სოსანაშვილები კომუნისტების პერიოდში მომხდარ სტიქიას იხსენებს.

,,ისეთი დიდი ნიაღვარი მოვიდა ამ არხში, რომ დაიტბორა სახლები, ფრინველი და შინაური ცხოველი დაგვიხოცა. შარშანაც დიდი წვიმების დროს, გასასუფთავებელი რომ იყო არხი, ანალოგიური საშიშროება ლამის შეგვექმნა" - აცხადებენ ადგილობრივები.

ქვემო ჭალის ადმინისტრაციული თემის სპეციალისტი მარეხ ყამბეგაშვილი აცხადებს, რომ სტიქიური უბედურებისგან თავდაცვის მიზნით, ხელისუფლებას ეს ,,აბრევულას" არხი გაასუფთავა.

ნიაღვარს აბრევის მხრიდან ელოდებიან. წვიმის დროს წამოსულ ნიაღვარს არხი მდინარე ლეხურასკენ გაუშვებს.

სოფელ აბრევს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობა აკონტროლებს. არხსაც აბრევულა ჰქვია.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები