ახალი ამბები
გარდაცვლილ ჯარისკაცის ოჯახს სოფელ სკრაში მიუსამძიმრეს
გორის რაიონის სოფელ სკრაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე დაკრძალეს.

წინასწარი ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.

დავით ლომიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან მსახურობდა. იმავე წლის აგვისტოში ის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი ISAF-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ყანდაღარის პროვინციაშიც იმყოფებოდა.

თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა.

სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვას დაესწრნენ და ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და V ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ.

დაკრძალვამდე ორიოდე დღით ადრე დაღუპულ ჯარისკაცს გამოემშვიდობა გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც.

დაკრძალვასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაფარა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები