ახალი ამბები
ოქრუაშვილი: ,,რა გავაკეთე დღემდე?”

,,საზოგადოებაში ყოველთვის არიან სკეპტიკოსი ადამიანები, რომლებსაც არასდროს არ სურთ კარგის დანახვა. არც თუ ისე ხშირად, მაგრამ ყურში მაინც მომხვედრია, ჩემი მისამართით, ასეთი კითხვა: ადრე რა გააკეთა გორისათვის და ეხლა რატომ გააკეთებს რამეს? მე ყოველთვის მაწუხებდა გორის სატკივარი იმაზე უფრო მეტად, ვიდრე სხვა ქალაქისა და ხელისუფლებაში ყოფნის დროს ძალა არ დამიშურებია, რომ რაიმე გამეკეთებინა. ჩემს ხასიათში არ ზის ასეთი საქმეების ჩამოთვლა, მაგრამ რადგან კითხვა ისმის, პასუხი უნდა გავცე. არ დავალ სხვა პოლიტიკოსების დონემდე და არ დავიწყებ ისეთი პროექტების ჩამოთვლას, როგორიცაა პატრულის შექმნა, კრიმინოგენული მდგომარეობის გამოსწორება და ა.შ. ჩამოვთვლი რამდენიმე ძალიან კონკრეტულ საქმეს, რომელიც უშუალოდ გორს ეხება:

2006 წელს, დანგრეული და გაპარტახებული ქალაქის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, 8 თვეში ავაშენეთ სრულიად ახალი, თანამედროვე და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი გორისსამხედრო ჰოსპიტალი, რომლის მშენებლობაშიც მონაწილეობდა ასობით გორელი, რომელშიც დღესაც დასაქმებულია ათობით გორელი და რომელმაც ასობით ჩვენს თანამოქალაქეს სიცოცხლე შეუნარჩუნა. რომ არა ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ნებისმიერი სხვა თავდაცვის მინისტრი ამ ჰოსპიტალს სხვა ქალაქში ააშენებდა.

2005 წელს, ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, გორში დავიწყე ყველაზე მასშტაბური სამხედრო ბაზის მშენებლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიამაყეა, რომლის მშენებლობაზეც დასაქმებული იყო ათასამდე გორელი და რომლის გორში განთავსებამაც ქალაქს დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის შემოსავალი მოუტანა და კვლავაც მოაქვს. ასობით გორელი დღესაც მსახურობს ამ ბაზაზე მაღალი ანაზღაურებით. რომ არა ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ნებისმიერი სხვა თავდაცვის მინისტრი ამ ბაზას სხვა ქალაქში ააშენებდა.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, 2007 წელს დავიწყეთ გორის ახალი საკათედრო ტაძრის მშენებლობა, რომელსაც 2017 წელს აუცილებლად დავასრულებთ.

2004-2006 წლებში, ჩემი თავდაცვის მინისტრობის დროს, ორიათასამდე გორელი (როგორც ქალაქიდან, ასევე სოფლიდან) მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში და საკუთარ ოჯახებს უზრუნველყოფდა.

2007 წელს, როდესაც გერმანულმა მხარემ ჩვენი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლზე, ატენის სიონზე დაზიანებული ფრესკების რესტავრაცია შეაჩერა და მათი აღდგენის პროცესს საფრთხე შეექმნა, ჩემი მეგობრების დახმარებით 100 000 დოლარი გადავრიცხეთ, რათა ფრესკების რესტავრაცია გაგრძელებულიყო.

ასობით სამხედრო ოფიცრისთვის ავაშენე თანამედროვე საცხოვრებელი სახლები. მათი ნაწილის (წმინდა წყლის სამხედრო ქალაქის) დამთავრება ვეღარ შევძელი და ის დღესაც, 7 წლის შემდეგაც, დაუმთავრებელია. ვერც “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ვერც “ქართულმა ოცნებამ ” მათი დამთავრება დღემდე ვერ შეძლო.

ამ ჩამონათვალის გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ უმჯობესია, საქმით დაგანახოთ, ვიდრე საუბრით.

მე მაქვს პრეტენზია ნებისმიერ ადამიანს შევეჯიბრო გორისათვის გაკეთებულ საქმეებში და ეჭვი მეპარება, უკანასკნელი 30 წლის მანძილზე ვინმე მოიძებნოს საქართველოში, ვისაც გორისთვის, ასე მოკლე დროში, ამდენი გაუკეთებია, რაც მე შევძელი.” – წერს ოქრუაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები