ახალი ამბები
სატვირთო ავტომანქანა გაჩერებულ მერსედესს დაეჯახა - რას ყვებიან რეხაში
დღეს ავტობანზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

გაჩერებულ მერსედესს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა, ცეცხლი გაუჩნდა და შიგ მსხდომი 30 წლის ქალბატონი და 10 წლის ვაჟი დამწვრობის შედეგად დაიღუპნენ.

მესამე მგზავრი, შუახნის ქალბატონი კი, სასწრაფო დახმარების მანქანით, საავადმყოფოში უშედეგოდ გადაიყვანეს.

როგორც სასწრაფოს ექიმები ამბობენ, სუნთქვა საკმაოდ გაძნელებული ჰქონდა და გადარჩენა ვერ მოახერხეს.

სამივე დაღუპული, ორი ქალბატონი და მცირეწლოვანი ვაჟი, ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.

მძღოლი, რომელიც მანქანიდან იყო გადასული, გადარჩა, რადგან მას დასავლეთის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი უნდა გაეჩერებინა.

სოფელ რეხაში გვითხრეს, რომ შორენა ყაყიტაშვილი მაზლთან ერთად დეიდას აცილებდა. მანქანაში დეიდაშვილი 12 წლის ვაჟი ახლდათ.

ისინი სოფლიდან 2 კმ მანძილზე ავტობანზე ავიდნენ და გზის ნაპირზე გაჩერდნენ.

ვიდრე მაზლი მანქანიდან იყო გადასული, შორენა ყაყიტაშვილი და ნათესავები მანქანაში დარჩნენ.

ცოტა ხანში, დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი მანქანას დაეჯახა.

ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი, რომელიც ცხინვალისკენ უხვევს, ყოველთვის ხალხმრავალია. აქ გორისა და თუ მიმდებარე სოფლების მცხოვრებლები დასავლეთის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ტრანსპორტს ელოდებიან ან კიდევ თბილისიდან მგზავრობისას ჩადიან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები