ახალი ამბები
დათვმა მოქალაქე დაასახიჩრა - გორის ზოოპარკის გაუქმებას ითხოვენ
გორის ზოოპარკში დათვმა 60 წლის მამაკაცს თავის ქალა დაუზიანა.

დაშავებული რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 

ზოოპარკის წარმომადგენლების ცნობით, მოქალაქე დათვისთვის კანფეტის მიწოდებას ცდილობდა.

შემთხვევა გუშინ 23 აგვისტოს მოხდა.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება (GSPSA) ჯერ კიდევ 2016 წლის აპრილში ზოოპარკის გაუქმებას ითხოვდა.

კერძოდ, იმ პერიოდში GSPSA-ს წარმომადგენლები ქ.გორის ზოოპარკში სიტუაციის გაცნობის, ინფორმაციის მიღების და შესწავლის მიზნით იმყოფებოდნენ.

გორში დაუყონებლივი ჩასვლის მიზეზი საერთაშორისო ორგანიზაცია  PETA-ს (People for the Ethical Treatment of Animals) საგამოძიებო დეპარტამენტის შეტყობინება გახდა.

PETA-მ საქართველოს ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას  ქ. გორის ზოოპარკში არსებული სიტუაციის შესწავლისათვის, რეალური ინფორმაციის მიწოდებისათვის და ცხოველების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევაში შესაბამის რეაგირებისათვის თხოვნით მიმართა.

GSPSA-ს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და შეისწავლეს ზოოპარკში ცხოველების პირობები. ისინი დეტალურად გაეცნენ ადგილზე ვითარებას. გასაუბრება ჰქონდათ გორის პარკის დირექტორთან და ზოოპარკის მომსახურე პერსონალთან.

GSPSA-ს წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ ზოოპარკი არ უნდა არსებობდეს და არ უნდა იყოს დატყვევებული ცხოველები. ორგანიზაციისათვის მიუღებელია ცხოველის ნებისმიერი დატყვევების ფაქტი.

არსებული მდგომარეობით დასტურდება, რომ ზოოპარკის მენეჯმენტი ზოოპარკში ბინადარი ცხოველებისათვის შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს შეუქმნს ნორმალური პირობები. ამ ეტაპზე ყველა ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ზოოპარკში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები.

გორის ზოოპარკში ვოლიერები არის განსაკუთრებული პატარა ზომის და ცხოველებს არ აქვთ ბუნებრივი შესაბამისი პირობები და გარემო. ამ ეტაპზე არის 3 დათვი, 2 მაიმუნი, ლამები, ჯიხვები, მელა, ტურა, არწივი, მტრედები, ხოხბები და კურდღლები.

GSPSA-მ  ოფიციალური  მიმართვა ზოოპარკის გაუქმების მოთხოვნით ქვეყნის ხელისუფლებას მიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები