ახალი ამბები
მოზარდების დაპირისპირება გორის ერთერთ უბანში
გორის ერთერთ უბანში მოზარდებს შორის დაპირისპირება რამდენიმე კვირაა გრძელდება.

12 წლის ბიჭს ამავე უბანში მცხოვრები თანატოლი ფიზიკურად გაუსწორდა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა.

მოზარდის მშობელმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა და, როგორც აღმოჩნდა, ჩხუბში კიდევ 8 არასრულწლოვანი მონაწილეობდა.

,,დაახლოებით 8 ბიჭმა ჩემი შვილი უბნის მოშორებით გაიყვანა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. როდესაც მივედი, ყველა გაიქცა. იძულებული გავხდი, რომ პოლიცია გამომეძახებინა, ვიდრე რაიმე მოხდება, მანამდე რეაგირებას ვითხოვ" - გვითხრა მოზარდის დედამ.

საპატრულო პოლიციასთან ერთად ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ. მოზარდთან დაპირისპირებული თანატოლები იქვე მდებარე სკვერში იდგნენ. მათ შორის, ის არასრულწლოვანიც იმყოფებოდა, რომელმაც ქალბატონის შვილს დაარტყა.

,,ეს არ არის პირველი შემთხვევა. რამდენიმე დღის წინ, კარებზეც უკანუნებდნენ, გამოდი გარეთო, მაშინ ვითომ სათამაშოდ უნდოდათ გაეყვანათ." - აცხადებს მშობელი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი იმ მოზარდსაც გაესაუბრა, რომელმაც, მშობლის თქმით, მის შვილს სცემა.

,,ერთი სამი კვირის წინ, გაჩერებაზე მაგან ჩემ დას შეურცხყოფა მიაყენა და მაგიტომ ვცემე" - გვითხრა მოზარდმა. ,,გაჩერებაზე ჩემ დას და ჩემი დის დაქალს არასასიამოვნოდ ესაუბრებოდა. მაგალითად, ჩემი დის დაქალს უთხრა, რა მსუქანი ხარო" - ყვება მოზარდი, რომელმაც ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი აღიარა. 

რაც შეეხება დანარჩენებს, ისინი შემთხვევის ადგილზე დასახმარებლად იმყოფებოდნენ.

მოზარდები სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ, თუმცა, უბანი საერთო აქვთ. დაზარალებულ არასრულწლოვანს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს, ხოლო მასთან დაპირისპირებული ვაჟის მონაცემები ჩაიწერეს და მშობელთან ერთად პოლიციაში დაიბარებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები