ახალი ამბები
ფლაველი 29 წლის მამაკაცი ცხინვალის მილიციამ მეორედ დააკავა
29 წლის გიორგი ციცაგი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მილიციამ სოფელ არცევში მეორედ დააკავა.

ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტოები ცხინვალის მილიციის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გიორგი ციცაგი შაბათს დააკავეს და მასალები სასამართლოს გადასცეს.

აღსანიშნავია, რომ გორის რაიონის სოფელ ფლავში მცხოვრები გიორგი ციცაგი ცხინვალის მთავრობის კონტროლირებულ სოფელ ზემო არცევში მიმდინარე წლის მაისშიც დააკავეს.

ბრალდების მიხედვით, ციცაგს ხიზილალა და სასუქები კონტრაბანდული გზით არცევიდან ფლავში გადაჰქონდა. მილიციის პრეს-სამსახურის ცნობით, ცხინვალის სასამართლომ 2016 წლის აგვისტოში სასჯელის სახით 1 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა გამოსაცდელი ვადით. პიროვნება კი საქართველოს ხელისუფლებას გადასცა.

რაც შეეხება მის თანამონაწილეს, არცეველ ზურაბ დოგუზოვს, ცხინვალის სასამართლომ აგვისტოში 1000 რუსული რუბლით დააჯარიმა.

რაც შეეხება გასულ შაბათ-კვირას მომხდარ საქმეს, ცხინვალის სასამართლო ფაქტს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით იხილავს, რაც ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები