ახალი ამბები
შვილები ვლადიკავკაზში, მამა ჩობალაურში
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩობალაურში ნუგზარ ქოქოევი მარტო ცხოვრობს.

შვილები ჩრდილოეთ ოსეთში ვლადიკავკაზში ომის შემდეგ გადავიდნენ საცხოვრებლად. გასული წლის დეკემბრიდან კი, მეუღლეც წავიდა.

მშობლიურ სოფელს არ ტოვებს, თუმცა, მისი საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია, კედლები იშლება, სახურავიდან წყალი ჩადის.

გამგეობაში უთხრეს, რომ უმჯობესია, შვილები დაეხმარნონ. სოციალურ სააგენტომ კი, 2013 წლიდან დახმარება შეუწყვიტა.

ნუგზარ ქოქოევს ჯერ საპენსიო ასაკი არა აქვს, რომ პენსია მიიღოს, ამიტომ, სოციალურ დახმარებას ითხოვს. ამბობს, რომ კასპამდე ან თბილისამდე წასასვლელად მგზავრობის თანხის შეგროვებაც უჭირს.

სოციალურ სააგენტოში შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს უთხრეს, რომ ნუგზარ ქოქოევს შეუძლია განცხადებით მიმართოს. მონაცემთა ბაზაში ის კვლავ რეგისტირებულია მეუღლესთან ერთად.

ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების გამო, სოციალური მომსახურების სააგენტო ხელახალ შემოწმებას განახორციელებს.

საბუთების შეგროვებაში და წარდგენაში, სავარაუდოდ, მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დაეხმარება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები