ახალი ამბები
პანტიანელებს მავთულხლართები ნათესავებთან აშორებს
სოფელ პანტიანში ამჟამად 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. 

კომუნისტების პერიოდში კომლთა რაოდენობა აქ 80-ს აღწევდა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების პირველივე წლებიდან რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლად ჩრდილოეთ ოსეთში წავიდა.

70 წლის სოფრომ ჩარაშვილი იხსენებს, რომ მისი ოჯახი პანტიანის დასახლებაში, სხვებთან ერთად, კომუნისტების პერიოდში დაასახლეს და კოლმეურნეობაში ჩართეს. 

,,პანტიანიც მას შემდეგ დაარქვეს. მე ბავშვი ვიყავი, როცა აქ დავსახლდით. ქვემო ჭალის მეურნეობასთან გაგვაერთიანეს და დიდი კოლმეურნეობა გაკეთდა." - იხსენებს სოფრომ ჩარაშვილი.

მისი თქმით, მამა-პაპა სხვილოს ციხის ჩრდილოეთით მდებარე მთიან სოფელ ორხევში ცხოვრობდა. ეს სოფელი ახლაც არსებობს.

პანტიანის ჩრდილოეთით მდებარეობს სოფელი მონასტერი, სადაც პანტიანელ ანო ბიგანიშვილს ახლონათესავები ჰყავს. სოფელ მონასტერთანაც, ამჟამად, მავთულხლართებია გამბული.

,,მიმოსვლა ომამდე გვქონდა. ტრანსპორტიც დადიოდა. თუ რამე გვჭირდებოდა, იქ მივდიოდით. ისინიც ჩამოდიოდნენ. მე მაგალითად გოჭები იქიდან მომყავდა ხოლმე" - ამბობს ანო ბიგანიშვილი. 

ადგილობრივებს მავთულხლართების მიღმა დარჩენილ ახლობლებთან ურთიერთობა, მხოლოდ, მობილური ტელეფონის საშუალებით აქვთ. ახალგაზრდების დიდი ნაწილი მათ ჩრდილოეთ ოსეთში ნახვას აგრძელებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები