ახალი ამბები
ისტორიულ სასახლეს, საიდანაც ბატონიშვილს მაგიდიდან საცოლე მოსტაცეს, ჭერი ენგრევა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ჭერი ჩამოენგრა.

ამის ამსახველი ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

ხის კოჭები, რომელზეც კოშკის სახურავია დამაგრებული, ჩამოტეხილია. ადგილობრივების განცხადებით, წვიმებისა და თოვლის შემთხვევაში, კოშკის ზედა ნაწილი მთლიანად ჩამოინგრევა.

ისტორიკოსს ლია ბეგლარაშვილის თქმით, რომელიც წლების განმავლობაში კასპის მუზეუმების გაერთიანებაში მუშაობდა, ძეგლს სასწრაფო რესტავრაცია ჭირდება.

ისტორიული ციხე-სიმაგრე მე-17 საუკუნიდან ამილახვრების საგვარეულო რეზიდენცია იყო.

ქვემო ჭალელებმა შემოინახეს თქმულება, რომლის მიხედვით, ქართლის მეფის იესეს შვილს, თეიმურაზ ბატონიშვილს საცოლე ამ სასახლეში ყოფნისას, მაგიდიდან მოსტაცეს, თუმცა, ისტორიული წყაროები, რომელსაც, ძირითადად, მეფესთან დაახლოებული მემატიანეები წერდნენ, თავადის ასული თინათინი მამამ, გივი ამილახვარმა ნადირ-შაჰს თავისი ხელით ჩაუყვანა.

ისტორიკოს ელდარ მამისთვალაშვილის თქმით, დანიშნული საცოლის დაკარგვამ თეიმურაზ ბატონიშვილს 1736 წელს აიძულა ბერად აღკვეცილიყო. ათი წლის შემდეგ კი, ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ პირველის სახელით გახდა. ანტონ კათალიკოსმა მოგვიანებით კათოლიკური სარწმუნოება მიიღო, რის გამოც, თეიმურაზ პირველის მეფობის პერიოდში, ეკლესიიდან მოკვეთეს.

ერეკლე მეორემ ანტონს რუსეთიდან დაბრუნება სთხოვა და საეკლესიო კრების წევრებს კათოლიკოს-პატრიარქად აღადგენინა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები