ახალი ამბები
ქვა და ხვრელები სოფელ ქვახვრელში - გამგებელი ფაქტის წინაშე
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი 2016 წლის 24 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.

დღეის მდგომარეობით სამუშაოები გაჩერებულია, ხოლო, დასაქმებულ ადგილობრივ მოსახლეობას მეორე თვეა ანაზღაურება არ მიუღია.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, დავით ონიაშვილის განცხადებით სამუშაოები 90%-ით შესრულებულია, თუმცა, საპირისპიროს აცხადებს შიდა ქართლის გუბერნატორი იოსებ ოქრომელიძე.

რეგიონის საკონსულტაციო საბჭოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამუშაოების დაახლოებით 85%-ია შესრულებული.

თითქმის ანალოგიური ვითარებაა სოფელ ხიდისთავსა და ატენში. სამუშაოები დათქმულ ვადებში ვერ მთავრდება.

სწორედ ეს დაუსრულებელი სამუშაოები გახდა გუბერნატორსა და გამგებელს შორის კამათის მიზეზი, რომელიც საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოხდა. მათ შორის ყვირილის ამსახველი ვიდეო შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა.

სოფელ ქვახვრელში ნანობენ, რომ ის ფაქტები მობილურ ტელეფონზე არ გადაიღეს, რაც რამდენიმე თვის წინ, მოხდა.

ორმოებში მანქანები ჩავარდა და დაზიანდა. გადათხრილი ქუჩები თვეების განმავლობაში გადაადგილებაში პრობლემებს ქმნის.

რამდენიმე ადგილას, არასწორი სამუშაოების გამო, მიწა ხელახლა გათხარეს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა მშენებელ კომპანიას სამუშაოების დასრულების ვადა 2017 წლის 20 იანვრამდე გადაუწია. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ვერც ამ ვადაში დაასრულებენ სამუშაოებს.

პროექტი ითვალისწინებს შიდა ქსელების, შემკრები ავზის, საქაჩის და თითოეულ ოჯახამდე ქსელის მიყვანის სამუშაოებს. ამას გადათხრილი გზების პრობლემაც ემატება.

ქვახვრელის თემის წარმომადგენლები საკრებულოში ვანო ნუსხელიძე და თემურ აფხაზაშვილი, თანასოფლელებთან ერთად, ტალახიანი ჩექმებით მისვლას აპირებენ. ჯერჯერობით, დაბალი ტემპერატურის გამო, მიწა გაყინულია.

ქვახვრელის სასმელი წყლის პროექტის განხორციელებას რამდენიმე წელია ხმაური სდევს თან. 

ამავე თემაზე:


სამი წელი სასმელი წყლის პროექტის დაწყების მოლოდინშ

გამგებლის მომხრე დეპუტატები ქვახვრელი-ატენი-ხიდისთავის მილიონიან პროექტებს აპროტესტებენ

გაუხარჯავი 5 მლნ ლარი გორის რაიონში - პარლამენტარის გუნდი კმაყოფილია

ქვახვრელის წყალი - ,,,ხარჯები მილიონამდე სპეციალურად გაბერეს"

გამგებელი VS გუბერნატორი - რა ხდება შტოებს შორის

Print

სტატიის გამოყენების პირობები