ახალი ამბები
კასპიცემენტის ქარხანა საწვავად საბურავების გამოყენებას აპირებს
კასპიცემენტი საწვავად ნაგავისა და საბურავების გამოყენებას აპირებს.

ამის შესახებ კომპანიის მენეჯერმა ზაზა ჯიჯეიშვილმა,  წარმოების მშრალ მეთოდზე გადასვლასთან დაკავშირებით, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, მომავალში კასპიცემენტი საწვავად ნარჩენებს, მათ შორის, საბურავებს გამოიყენებს.

,,ჰაიდელბერგცემენტის" მენეჯერები ამ კუთხით მოლაპარაკებას კომპანია ,,თეგეტა მოტორსთან" უკვე აწარმოებს.

ამ ინიციატივასთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელმა ირინა სვანიძემ პროტესტი გამოთქვა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ნარჩენების გამოყენებასთან დაკავშირებით, ჯერ შესაბამისი დასკვნა არაა შედგენილი, ქარხნის მხრიდან ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

შეხვედრა კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვის სამინისტროს, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატი და გამგებელი ესწრებოდნენ.

კომპანიის მენეჯერმა ზაზა ჯიჯეიშვილმა მათ, მშრალი მეთოდით ნედლეულის წარმოების  შესახებ, გარემოზე ზემოქმედების ანგარიში წარადგინა.

აღნიშნული დასკვნის დეტალებს და გარემოს დაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მოგვიანებით გაგაცნობთ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები