ახალი ამბები
გორში ინგლისური ენის ცენტრი - ,,English Club" გაიხსნა
ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, გორის მერიის ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების ცენტრში, ინგლისური ენის კლუბი გაიხსნა.

კლუბთან ერთად ადგილზე ინგლისური ენის რესურს-ცენტრი მოეწყო, სადაც 8-დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები, სრულიად, უსასყიდლოდ, წიგნებით, ონლაინრესურსებით, აუდიო და ვიდეომასალით ისარგებლებენ.

ასევე ინგლისური ენის კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას და, რა თქმა უნდა, დაესწრებიან გაკვეთილებს.

ინგლისური ენის კლუბს დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჯასტინ მაკკენზი სმიტი და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი საქართველოში ზაზა ფურცელაძე ესტუმრნენ.

გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ცენტრი მთლიანად გორის მუნიციპალიტეტს (ქალაქს და რაიონს) მოემსახურება.

ამჟამად, IV-დან XII კლასის ჩათვლით, ინგლისურ ენას 1300 ბავშვი ეუფლება. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი, დევნილი, მრავალშვილიანი და შშმ პირების ოჯახის წევრებისათვისაა გათვლილი.

პროექტის ფარგლებში ბრიტანეთის საელჩომ „ცენრტს“ გადასცა 5000 ლარზე მეტის ღირებულების სასწავლო-შემეცნებითი ლიტერატურა და საკანცელარიო ნივთები, 4 ლეპტოპი ყურსასმენებით, სკანერ-პრინტერი, LED ტელევიზორი, ჯამში 20 000 ლარის ღირებულების ტექნიკური მოწყობილება. პროექტი სრულდება აპრილის თვეში.

“ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც ისწრაფვის კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროპას, ინგლისური წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს უცხო ენას, რომელიც დანარჩენ მსოფლიოსთან კომუნიკაციისთვის გამოიყენება. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების ცენტრთან მიღწეული პარტნიორობის შეთანხმება და თანამშრომლობის მემორანდუმი მეხუთე წელია გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი წვლილი შევიტანოთ შიდა ქართლის რეგიონში ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობაში."- განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა.

პროექტი ასევე გულისხმობს პედაგოგთა უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) ახალი მოდელის მიხედვით მუშაობას, ინგლისური ენის ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესების კუთხით, რომლის ფარგლებშიც, ინგლისური ენის პედაგოგებს ჩაუტარდებათ ტრენინგები და მოკლე პროფესიული სემინარები.

2016 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება რომელიც ითვალისწინებდა ინგლისური ენის პედაგოგების გადამზადებას და მოსწავლეთათვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის უზრუნველყოფას.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დეკემბრის თვეში გადაემზადა 20 პედაგოგი ხოლო იანვრის თვეში დაგეგმილია ტრენინგები 22 პედაგოგისათვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები