ახალი ამბები
ბნავისში ახალი ამბულატორია გაიხსნება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში გაზაფხულზე ახალი ამბულატორია გაიხსნება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

ატენის თემში შემავალ მთის სოფლის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწევა.

,,პირველ რიგში, სოფლის ექიმის ნორმალური მუშაობისთვის ინფრასტრუქტურა მოეწყობა" - გვითხრა გამგეობის წარმომადგენელმა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან შენობის სახურავისა და კედლების რემონტისთვის, ასევე, ელგაყვანილობის მოწესრიგების მიზნით, 26 ათასი ლარი გამოიყო.

სამუშაობი მარტიდან უნდა დაიწყოს და 40 დღეში დასრულდეს.

სოფელი ბნავისი მდინარე ტანას მარხენა შენაკადის, ატრევას ხეობაში მდებარეობს. 2014 წლის მონაცემებით, სოფელში 212 ადამიანი ცხოვრობს. ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა 100-ით შემცირდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები