ახალი ამბები
შვილსა და შვილიშვილებს მონატრებული პანტიანელი ბებია და პაპა
პანტიანში მცხოვრები ნელი ხუბაშვილი და ზადო ბიგანაშვილი 1957 წლიდან ერთად ცხოვრობენ.

სამი შვილიდან ერთი ვაჟი ჰყავთ, რომელმაც ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, 90-იან წლებში სოფელი დატოვა და საცხოვრებლად ვლადიკავკაზში წავიდა.

უცხო მხარეში, თავდაპირველად, ცხოვრება გაუჭირდა, სამუშაოს შოვნა ძნელი იყო.

,,მე ახლა უკვე დიდი შვილიშვილები უნდა მყავდეს. მართალია, ჩემი ვაჟი ახლა კარგად ცხოვრობს, მაგრამ გვიან დაოჯახდა. უკვე ორი შვილი ჰყავს,  სამი წლის და მეორე 6 წლის. " - ამბობს ნელი ხუბაშვილი.

ვლადიკავკაზიდან ვაჟი და რძალი  სოფელში გასული წლის ზაფხულში იყვნენ. 

,,ჩვენ არც შეგვიძლია სადმე წასვლა. გოგოები კი, თბილისში დაოჯახდნენ, მაგრამ იქაც წასვლა გვიჭირს. სოფელში რომ გაიაროთ, სულ ჩემნაირი ჯოხიანი მოხუცები შეგხვდებათ. სადმე წასვლა თუ გინდა, ტაქსი უნდა დაიქირავო, ჩვენ კიდევ პენსიით ვცხოვრობთ. შვილები გვეხმარებიან, მაგრამ არ გვინდა მათი შეწუხება" - გვეუბნება ზარდო ბიგანაშვილი.

ნელი ხუბაშვილმა და ზარდო ბიგანაშვილმა ერთმანეთი ქვემო ჭალის სკოლაში გაიცნეს. ნელი ხუბაშვილი პანტიანის მეზობელ სოფელ ვაკეში ცხოვრობდა. მათ შეუღლებაში დიდი წვლილი გოგოს მამას მიუძღოდა.

,,ერთ სკოლაში ვსწავლობდით, მაგრამ მე არ ვიცნობდი, თვითონ მიცნობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, მე სამუშაოდ თბილისში წავედი, თვითონ კი, ჯერ რუსეთში წავიდა, შემდეგ კოლმეურნეობაში დაიწყო მუშაობა. გარიგებით მოხდა ჩვენი შეუღლება"- იხსენებს ნელი ხუბაშვილი.

,,მამამისმა უფრო იაქტიურა. სულ მეუბნებოდა, რას იზამ, ჩემ გოგოს როდის წაიყვან ცოლადო. კარგი გოგო იყო, უარი რატომ უნდა მეთქვა" - წლების წინანდელ სიყვარულის ამბავს ზარდო ბიგანაშვილი დღესაც მხიარულად იხსენებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები