ახალი ამბები
შიდა ქართლის თავად-აზნაურთა წინამძღოლი გორელებს ,,საზოგადოებაში ქცევის წესების" კურსების გავლას სთავაზობს
შიდა ქართლის თავად-აზნაურთა საკრებულოს საპატიო წინამძღოლი ნუგზარ მაჭავარიანი გორელებს საზოგადოებაში ქცევის წესების კურსების გავლას სთავაზობს.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში სპეციალური განცხადება გააკეთა.

ნუგზარ მაჭავარიანი იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც, კურსების გავლასთან დაკავშირებით, შეთავაზების გაკეთება გადააწყვეტინა.

,,ამ წინადადებაზე მრავალი წელია ვფიქრობ და აქამდე თავს ვიკავებდი. ამ შემოთავაზების აუცილებლობაში დამარწმუნა ჩემმა ბოლო ხანგრძლივმა მოგზაურობამ ევროკავშირის რამოდენიმე ქვეყანაში, სადაც გულითადი დახვედრა და მასპინძლობა გამიწიეს ძველმა მეგობრებმა. ურთიერთობა მქონდა იქაური არისტოკრატიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან. მათთან პრივატული საუბრებით დავრწმუნდი, რომ მათ წრეში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სრული ადაპტაციის ერთ-ერთი სერიოზული პირობაა საზოგადოებაში ქცევის წესების ცოდნა და მათი დაცვა, შენიშვნას არავინ მოგცემს (ესეც ქცევის წესია), მაგრამ არც ძალიან არ დაგიახლოვებენ." - აცხადებს ნუგზარ მაჭავარიანი.

შიდა ქართლის თავად-აზნაურთა საპატიო წინამღოლი სწავლებას, ძირითადად, ინდივიდუალურად ჩაატარებს. შესაძლებელია - ორი მსმენელი ერთდროულად.

,,სრულწლოვან პიროვნებებს გთავაზობთ "საზოგადოებაში ქცევის წესების" კურსის შესწავლას , რომლის მოსმენის და კონსპექტირების ბედნიერებაც მომეცა ბიძაჩემის - ვენიამინ მაჭავარიანის (იმჟამად იუნესკოს ჟურნალ " კურიერის" მთავარი რედაქტორის) რეკომენდაციით და შუამდგომლობით, სსრკ-ს დიპკორპუსისათვის არსებულ კურსებზე მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში (მაშინ მოსკოვის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი გახლდით).

დევნილებისა და ხელმოკლე ოჯახების წარმომადგენლებისათვის კურსები უფასო იქნება, ხოლო შეძლებული ოჯახის წარმომადგენლები გადაიხდიან საფასურს თანახმად შეთანხმებისა.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ შემდეგ მისამართზე: ქ.გორი , სამეფო ქუჩა 48 . ტელ. 27 37 93 ; 577734038 ან 591196708 .

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები