ახალი ამბები
მოსწავლეები ნარვანი-სურამის გზაზე
დღეს, სოფელ ნარვანში მცხოვრები მოსწავლეები სურამის სკოლაში ფეხით წავიდნენ.

სასკოლო ავტობუსი, დიდთოვლობის გამო, არ მოძრაობდა.

ტყიანი გზა, ნარვანი-სურამის 5 კმ მონაკვეთზე გადის.

სოფელი ნარვანი ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის. ამ თემში ერთადერთი 9-კლასიანი სკოლა, სწორედ, ცოცხნარში მდებარეობს.

ცოცხნარიდან სურამამდე 11 კმ-ია. მათ შუა სოფელი ნარვანა მდებარეობს.

ცოცხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სოფელი ოძისიც, რომლის მანძილი ხაშურამდე 12 კმ-ია.

პედაგოგი ნანა ლომიძე ცოცხნარის სკოლაში ხაშურიდან ფეხით მიდიოდა. სხვა მოსწავლეებთან ერთად მგზავრებს ასაკოვანი ცოლ-ქმარიც დაემგზავრათ.

„ხაშურიდან ყოველდღე დავდივარ ცოცხნარის სკოლაში. ავტობუსები ხშირად არ დადის, რის გამოც რამდენიმე კილომეტრს ფეხით გავდივარ. გზაზე მგლების გვეშინია, ამიტომ ვცდილობთ ჯგუფურად ვიაროთ.“ - ამბობს ნანა ლომიძე.

გარდა უგზოობისა, ცოცხნარის მოსახლეობა უწყლობაზეც საუბრობს. ადგილობრივები სასმელ წყალს ოძისიდან ეზიდებიან. ცოცხნარიდან ოძისამდე ნახევარი კილომეტრია.

„ყოველდღე სასმელ წყალს ვეზიდებით. მოსახლეობის უმეტესობა გზის აღნიშნულ მონაკვეთს ფეხით გადის, ზოგჯერ კი, წყალს ცხენებით ვეზიდებით.“ - გვეუბნება ცოცხნარის მკვიდრი მალხაზ გოგალაძე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ამბობს, რომ გზები ინტენსიურად იწმინდება და გადაადგილების პრობლემა არ არის.

„გზებს ჩვენი ტექნიკით ვწმენდთ, გაწმენდით სამუშაოებისას აიპი „ხაშურსერვისიც“ გვეხმარება და სოფლებთან მისასვლელი გზები გაწმენდილია. რაც შეეხება სასმელ წყალს სოფელ ცოცხნარაში პორობლემა რამდენიმე წელია დგას. გასულ წელს, წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩავატარეთ, თუმცა მწყობრიდან ისევ გამოვიდა.“ - გვეუბება გიორგი გურასპაშვილი.

მოსწავლეები სურამის სკოლებში არიან გადანაწილებულნი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, სასკოლო ავტობუსებია დანიშნული.









Print

სტატიის გამოყენების პირობები