ახალი ამბები
გორის გამგეობის ტურიზმის ცენტრი მოსკოვის ტურისტული ბაზრობისთვის ემზადება
გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრი, მიმდინარე წელს, მოსკოვისა და პეკინის საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობაზე წარმოსაჩენად ემზადება.

ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ცენტრის თანამშრომლებმა შესაბამისი წინადებები უკვე წარადგინეს.

ამის თაობაზე შეხვედრა, რამდენიმე დღის წინ, 7 თებერვალს, გასული წლის მუშაობის შეჯამებასთან დაკავშირებით, გაიმართა.

,,შეხვედრაზე გამოითქვა წინადადებები, თუ რა ფორმით უნდა წარმოჩინდეს ტურიზმის ცენტრი მიმდინარე წელს, პეკინსა და მოსკოვში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობებზე." - აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ირკვევა, ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებმა მსგავსი სახის ტურისტულ ბაზრობაზე 2016 წელსაც მიიღეს მონაწილეობა.

,,ტურიზმის ცენტრში გამართულ პრეზენტაციაზე, ცენტრის სპეცილაისტმა შიდა ტურიზმის საკითხებში, ლელა კუთხაშვილმა და ამავე ცენტრის საინფორმაციო ოფისის და გიდების სკოლის მენეჯერმა ქეთევან იარდალაშვილმა, წარმოადგინეს მასალები გასულ წელს, პეკინსა და მოსკოვში გამართული საერთაშორისო ტურისტული ბაზრობების შესახებ." - იუწყებიან ცენტრში.

თუმცა, რა ტიპის მასალებზეა საუბარი, ეს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის, ჯერჯერობით, უცნობია.

გუშინ კი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა ოფიციალური წერილი ცენტრის ხელმძღვანელს რობერტ მაღლაკელიძეს გაუგზავნა. წერილის მიხედვით, გამგებელი ნაყოფიერი მუშაობის გამო, რობერტ მაღლაკელიძეს მადლობას უხდის.

რობერტ მაღლაკელიძე წლების განმავლობაში რაიონის კულტურის სამსახურის ხელმძღანელი იყო, შემდეგ, სტალინის სახლმუზეუმის დირექტორი, ბოლოს - ძეგლთა დაცვის სამინისტროში ერთერთი უწყების კურატორი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები