ახალი ამბები
ცხინვალის მილიციის თანამშრომელი მეუღლეს მშობლებთან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს
სახალხო დამცველს მიმართა მოქალაქემ, რომლის განცხადებითაც, მისი შვილი. ჯ.თ. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს და მეუღლისაგან მუდმივად განიცდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რამაც მისი ჯანმრთელობა გააუარესა.

ჯ.თ.-ს მეუღლე არის დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომელი, იგი არ აძლევს მეუღლეს უფლებას გადმოკვეთოს გამყოფი ხაზი და დაბრუნდეს მშობლებთან, რომლებიც შიდა ქართლში ცხოვრობენ.

შექმნილი ვითარების გამო, მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან მათი არასრულწლოვანი შვილებიც (7 და 9 წლის).

სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ე.წ. სამხრეთ ოსეთში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც დაადასტურეს, რომ ჯ.თ.-ს ესაჭიროებოდა სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.

,,თუმცა, მათმა დაინტერესებამ კიდევ უფრო გაართულა და დაძაბა მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის შესახებ ინფორმირებულია ადგილობრივი დე ფაქტო პოლიცია, დე ფაქტო პროკურატურა და ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში მონაწილე ოსური დელეგაციის წევრები, თუმცა მათ არანაირი ზომა არ მიუღიათ მოძალადისაგან მსხვერპლის იზოლირებისა და შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად." - აღნიშნულია სახალხო დამცველის მოხსენებაში.

ცხინვალში არ არსებობს ოჯახში ძალადობისაგან დაცვის და მისი პრევენციის მექანიზმები. იქ ძალიან მცირეა ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე აქტივისტთა რიცხვი.

სახალხო დამცველის განცხადებით, მათ ახალგორის ერთერთმა მკვიდრმაც მიმართა, რომელმაც ადგილობრივ მილიციაში ოჯახში ძალადობის ფაქტის თაობაზე ვერც კი განაცხადებს, რადგან, მისივე თქმით, მილიციაში დასცინებენ და მერე, შესაძლოა, მთელი ახალგორის დასაცინი გახდეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები