ახალი ამბები
ახალი დეტალი: ქალაქის მერმა ნათესავის კომპანიის გამო სატენდერო კომისია დატოვა
ქალაქ გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, გზების მოვლა-შენახვასთან დაკავშირებით, ახალი დეტალი გაირკვა.

ნათესავის კომპანიასთან ინტერესთა კონფლიქტის გამო, ქალაქის მერმა სატენდერო კომისიის თანამდებობა მიატოვა.

შიდა ქართლი საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ პოლონეთიდან დაბრუნებულმა მერმა ,,ვერელი +"-თან შესყიდვების განხორციელებაზე უარი თქვა.

სინამდვილეში, როგორც წერილიდან ირკვევა, ზურაბ ჯირკველიშვილმა შესყიდვების განხორციელებაზე უარი თქვა არა ,,ვერელი პლიუსის" ჩამოცილებით, არამედ, კომისიის შემადგენლობიდან საკუთარი თავის მოხსნით.

ზურაბ ჯირკველიშვილის მიერ ხელმოწერილ 2017 წლის 13 თებერვლის დოკუმენტით ირკვევა, რომ ის კომპანიასთან ინტერესთა კონფლიქტშია.

,,ვერელი პლიუსი" იმარჯვებს ტენდერში, რომელიც გორის გზების მოვლა-შენახვას ითვალისწინებს.

ტენდერი 2017 წლის 3 იანვარს გამოცხადდა. პრეტენდენტებს წინადადებების წარდგენა 2017 წლის 3 თებერვალს ევალებოდა და ტენდერიც ამ დღეს უნდა გამართულიყო.

3 თებერვალს ზურაბ ჯირკველიშვილი პოლონეთში გაფრინდა. სატენდერო კომისიის ხელმძღვანელობა მისმა მოადგილემ გიორგი რაზმაძემ გადაიბარა.

იმავე დღეს, ტენდერი გაიმართა და ყველაზე დაბალი ფასი, დაახლოებით 61 ათასი ლარი კომპანია ,,ვერელი პლიუსმა" მიუთითა. საწყისი ფასი, 80 ათასი ლარი იყო.

8 თებერვლის სხდომაზე კომისიის წევრებმა (სულ სამი წევრი - გიორგი რაზმაძე, დალი ტლაშაძე, აკაკი ხუფენია) მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომპანიას არასრული დოკუმენტები ჰქონდ წარდგენილი.

კერძოდ, არ იყო დაზუსტებული ფასების ცხრილი, არ ჰქონდა წარდგენილი ანალოგიურ სამუშაოებზე გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და, ასევე, არ ჰქონდა მითითებული შესაბამისი ტექნიკის ფლობის დამადასტურებელი მოწმობა.

ბოლო დოკუმენტი კომპანიამ 13 თებერვალს ატვირთა, შუალედში, არასამუშაო დღეები დაემთხვა.

ამჟამად, სატენდერო კომისიაში შერჩევა-შეფასების რეჟიმშია და გადაწყვეტილება არ მიუღია.

აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით, ზურაბ ჯირკველიშვილს პრობლემები 2015 წელსაც შეექმნა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები