ახალი ამბები
ქალთა კამერული გუნდის წევრებს ხელფასები 10%-ით უმცირდებათ
გორის ქალთა კამერული გუნდის წევრებს ხელფასები ორი თვეა არ აუღიათ.

გუნდის ბიუჯეტი შემცირდა და ხელფასების ოდენობა 10%-ით იკლებს.

ამის შესახებ საქართველოს სახალხო არტისტი ომარ შომახია წერს

მისი სტატია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

,,კულტურის სამინისტრომ და მთავრობამ ხალხისგან განსხვავებით გორის ქალთა გუნდს წარმატება „განსაკუთრებულად მიულოცა“. ხელფასები, რომელიც ისედაც მწირი ქონდათ (330 ლარი ტიტანური შრომისათვის) 10 პროცენტით დაუკლეს და ამის გარდა ადგილობრივ ხელისუფლებას დაფინანასება აუკრძალეს. რამდენად უზნეო ჩინოვნიკი უნდა იყო, რამდენად ფეხებზე უნდა გეკიდოს შენი კულტურა, როგორ პატივს არ უნდა სცემდე შენი ერის აზრს, როგორი ურცხვი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო. ის მაინც მოგეტვინათ, ერთი თვით გადაგედოთ თქვენი დეგენერატული გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავის ტრაპთან არ „მიგეხარებინათ“ თქვენი ურცხვი და უზნეო გადაწყვეტილება. " - წერს ომარ შომახია.

ხელფასების შემცირებას ადასტურებს გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუაც. მისი თქმით, ჯერჯერობით, გაურკვეველი სიტუაციაა და გუნდის წევრებს ორი თვეა ხელფასიც არ მიუღიათ.

საქართველოს კულტურის სამინისტროს პრეს-სამსახური აცხადებს, რომ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებს ხელფასების დაგვიანების პრობლემა არ აქვთ. რაც შეეხება თანხების შემცირებას, აქ საუბარია ბიუჯეტის 10%-ით შემცირებაზე.

,,ზოგმა ორგანიზაციამ ეს ცვლილება ხელფასების რაოდენობის შემცირებაში ასახა, ზოგმა ორგანიზაციამ თანამშრომლები გაუშვა ან კიდევ სხვა ხარჯები შეამცირა" - აცხადებს პრეს-სამსახური.

რაც შეეხება დაგვიანების მიზეზს, ამის თაობაზე, ინფორმაციას დამატებით მოგვაწვდის.

2017 წლამდე ქალთა გუნდი გორის მერიისგან ფინანსდებოდა. მიმდინარე წლიდან ქალთა გუნდი და გორის თეატრი კულტურის სამინისტროს დაფინანსების ქვეშ მოექცა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები