ახალი ამბები
მერეთის თუ სკრის გზა? - გამგეობის პროექტებში სოფლებია არეული
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, მერეთი-ზარდიანთკარის ერთკილომეტრიანი მონაკვეთის საპროექტო ნახაზების შედგენა დასრულდა.

ოფიციალურად გამოცხადებული იყო, რომ შპს ,,გეოს" აღნიშნულ სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზის პროექტი უნდა შეედგინა.

რეალურად, ხელშეკრულების დავალებაში სკრის დევნილთა ჩასახლებიდან სოფელ სკრამდე მისასვლელი გზა წერია.

სკრა, მერეთი და ზარდიანთკარი კი, ერთმანეთისგან 40-50 კმ-ითაა დაშორებული.

დაფიქსირებული უზუსტობების გამო შესყიდვების სამსახურს მივმართეთ.

გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსანდრე თარხნიშვილი ამბობს, რომ სხვადასხვა სოფლების მითითება დოკუმენტში ტექნიკური შეცდომაა.

,,მართალია, ხელშეკრულებაში შეცდომააა, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს პროექტი მერეთი-ზარდიანთკარის გზას ეხება" - ამბობს ალექსანდრე თარხნიშვილი.

მისი განცხადებით, სკრის დევნილთა ჩასახლებაში გზა უკვე გაკეთებულია.

პროექტის წარდგენა კომპანია ,,გეომ" 23 დღით დააგვიანა, რის გამოც, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსმა შპს-ს წარმომადგენელი 138 ლარით დააჯარიმა.

,,ვერ გავიგე პრობლემას რაში ხედავთ? თუ დავაგვიანე, ეს ჩემი პრობლემაა" - აცხადებს შპს ,,გეოს" წარმომადგენელი გაბრიელ მაზმიშვილი.

გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ტარიელ მაისურაძე აცხადებს, რომ გასულ წელს, ამ მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის თანხები არ იყო.

,,მიმდინარე წელს თუ გამოცხადება ტენდერი, აუცილებლად გაგაგებინებთ" - აცხადებს ტარიელ მაისურაძე.

გამოყენებულია iwpr-ის ფოტო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები