ახალი ამბები
გორის პროკურატურამ ოთხი კომპანიის ხელმძღვანელს ბრალი წაუყენა
გორის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტში სოფლის პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხის არამიზნობრივად გახარჯვის გამო, ოთხ პირს ბრალი წაუყენა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგეობის იურიდიული სამსახურიდან აცნობეს.

იურიდიული სამსახურის უფროსის, რეზო გოგიაშვილის ცნობით, საგამოძიებო ორგანოებში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება შპს,,მოურავის"; შპს ,,იბოლიას", ,,შპს ,,კაპიტელისა" და შპს ,,განათების" საქმიანობის მიმართ აწარმოეს.

,,აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეების შედეგად, გამგეობისთვის მიყენებული ზარალი 152 ათასი ლარი დაგვიბრუნდა" - გვწერს იურიდიული სამსახურის უფროსი.

შპს ,,იბოლიამ", რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გორის ამჟამინდელი მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა, 72 966,12 ლარი აანაზღაურა.

შპს ,,მოურავმა" - 12 474,13 ლარი

შპს ,,კაპიტელმა" - 52 832,56 ლარი

შპს ,,განათებამ" - 13 692,4 ლარი

პროკურატურამ ოთხივე კომპანიის ხელმძღვანელს ბრალი 2016 წლის ზაფხულში წაუყენა და მათთან საპროცესო შეთანხმებები გაფორმდა.

შპს ,,მოურავის" წარმომადგენლის ცნობით, საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ იმით, თუ რამდენად ხარისხიანად შესრულდა სხვადასხვა სოფელში, მოსახლეობის კრებებზე გადაწყვეტილი რიტუალებისა და საბავშვო ბაღების სახურავების სამუშაოები.

,,ჩვენც მაინც, ძირითადად, იმაში შეგვედავდნენ, რომ დღგ-ს თანხა არ იყო სწორად დათვლილი. ძირითადად, სახურავები გავაკეთეთ სოფლებში, როგორც რიტუალების სახლებზე, ასევე, საბავშვო ბაღებში" - გვითხრა ,,მოურავის" წარმომადგენელმა.

შპს ,,იბოლიამ" გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო - ზოგან ასფალტი, ზოგან კი, მოხრეშვითი სამუშაოები აწარმოა. შპს ,,განათება" - გარეგანათების სამუშაოების შესყიდვის სუბიექტია, ხოლო შპს ,,კაპიტელთან" დაკავშირება ვერ მოხერხდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები