ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წითელუბანში 76 წლის კაცი დააკავეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბანში 76 წლის ნიკოლოზ თვაური რუსეთის სამხედრო ძალების მესაზღვრეებმა დააკავეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სოფლის წარმომადგენელმა ზურაბ კუდუხაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, შემთხვევა მიწის ნაკვეთის დამუშავების დროს მოხდა.

დაკავებისას, ნიკოლოზ (ნიკალა) თვაურთან ერთად, მისი მეზობელი იმყოფებოდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი მასაც დაუკავშირდა.

,,დღეს მთელი დღე ნაკვეთს ვხნავდით. მაგ ტერიტორიაზე ნიშნები არ დგას და ამიტომ არ ვიცოდით, სადამდე უნდა მოგვეხნა. ამიტო ნიკალამ თქვა, რუსებს შევეკითხები, სადამდე უნდა მოვხნაო. მივიდა მათთან და წაიყვანეს ცხინვალში" - აცხადებს თვითმხილველი.

დღის განმავლობაში სამხედროებმა, მიწის ნაკვეთის ხვნის პროცესი, ორჯერ დაათვალიერეს.

,,ორჯერ მოვიდნენ. პირველად რომ მოვიდნენ, დაგვათვალიერეს და წავიდნენ. მეორე მოსვლაზე ნახევარი საათი მაინც იდგნენ და გვიყურებდნენ შორიდან. სულ სამნი იყვნენ. ნიკალა მივიდა მათთან, უბრალოდ შეკითხვის მიზნით. მე აქეთ დავრჩი, არც დაუძახიათ, არაფერი. მარტო შესაკითხად მივიდა" - ამბობს მეზობელი.

სოფელი წითელუბანი ესაზღვრება სოფელ წინაგარას, რომელსაც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება აკონტროლებს. აღნიშნულ მონაკვეთზე, მხოლოდ, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებია განთავსებული. ეს ბანერები 2015 წლის 11 ივლისს გაჩნდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები