ახალი ამბები
ხაშურის ადმინისტრაციულ შენობაში ვირთხებისა და ვირთაგვების საწინააღმდეგო ხსნარს გაუშვებენ
ხაშურის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა სამსახურებრივ ოთახებში დერატიზაციის სამუშაოები ჩატარდება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება 27 თებერვალს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი გურასპაშვილმა მიიღო.

გამგებელმა შპს ,,ხაშურის დეზინფექციისა და დერატიზაციის სამსახურის" ხელმძღვანელთან ხელშეკრულება დადო.

დერატიზაციის სამსახურის თანამშრომლები, ორ თვეში ერთხელ სამუშაო ოთახებში ვირთხებისა და ვირთაგვების საწინააღმდეგო ხსნარს გაუშვებენ.

უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით, დერატიზაცია ნიშნავს ვირთაგვების, თაგვებისა და მინდვრის მავნებელი მღრღნელების განადგურებას.

ჯერ კიდევ, 2014 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულება საერთაშორისო სატრანსპორტო საშუალებებში დერატიზაციის და დეზინფექციის სამუშაოების ჩატარების ინსტრუქციის შესახებ.

ინსტრუქციის მიხედვით, დერატიზაციის სამუშაოების ჩატარება უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვს, რადგან პრეპარატები ადამიანების ჯანმრთელობისთვისაცაა საშიში.

დერატიზაციის ადგილს სამი დღის განმავლობაში, არავინ უნდა მიეკაროს.

დაჭერილი მღრნელები კი, გამოკვლევაზე უნდა გაუშვან.




Print

სტატიის გამოყენების პირობები