ახალი ამბები
ტახტისძირელი ახალგაზრდების სურვილი
დავით თუთარაშვილმა სკოლაც დაამთავრა და სავალდებულო სამხედრო სამსახურიც მოიხადა.

24 წლის ახალგაზრდა, ისევ, სოფელში დაბრუნდა, სადაც არც დასაქმების პერსპექტივაა და არც დასაქმებული ახალგაზრდებისთვის გასართობი.

ბოლო წლებში, ის, თითქმის, ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც სოფელს დაუბრუნდა.

მის დროს, კლასში 10-12 მოსწავლე იყო. ახლა მე-9 კლასში სამი მოსწავლე სწავლობს.



,,ჩემი სოფელი მიყვარს, აქ თამარ მეფეს გაუვლია და შეუსვენია. მისი ტახტი აქ დაუდგამთ და ამიტომ ჰქვია ჩვენ სოფელს ტახტისძირი" - ამბობს ის - ,,ჯარიც მოვიარე, სამსახურიც ვეძებე, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ბევრი ჩემი თანატოლი აღარ ცხოვრობს სოფელში, წავიდნენ სოფლიდან, აბა, აქ რა უნდა გააკეთონ"

ჯერ, მხოლოდ, 24 წლისაა და სახლიდან გამოსვლისას სოფლის ბირჟაზე თუ დადგება, სადაც შედარებით უფროსი ასაკის ხალხი ქვეყნის ამბებს იხილავს.

,,აჰა, გამოვედი გარეთ, მაგრამ რა გავაკეთო. სტადიონი მაინც იყოს, რომ ითამაშო, ან ივარჯიშო. იქნებ ვინმე სპორტს გაყვეს, რაღაც წარმატებას მიაღწიოს" - გვიყვება მისი მეგობარი არსენ კობალაძე.

სოფლის ცენტრში უძველესი ეკლესია დგას, ადრე სიძველისგან დანგრეული იყო, მაგრამ რუის-ურბნისის ეპარქიის წყალობით, გარემონტა და გაკეთდა.

ახალგაზრდებთან საუბრის დროს, ეკლესიიდან ორი ქალი გამოვიდა, მოგვესალმნენ და გვითხრეს: ,,ისაუბრეთ შვილებო, ხომ ხედავთ ჩვენ ვლოცულობთ, სხვა რა უნდა გავაკეთოთ? ლოცვაში მაინც გავატაროთ ეს დღეები".

უფროსი თაობიდან ადგილობრივმა კობა კობალაძემ ყურადღება, სწორედ, ახალგაზრდების ყოფაზე გაგვამახვილებინა:



,,ამათ ჭირდება ყურადღება. ისე დაღამდება, რომ მათთვის აქ არაფერია შესაფერისი. გაუკეთონ ერთი პატარა სტადიონი, რა მოხდება" - გვითხრა მან.

ტახტისძირში არასრული სკოლაა, სკოლა გარემონტებულია, მაგრამ ეზო იმდენად პატარაა, რომ იქ სპორტული მინიმოედნის გაკეთებაც შეუძლებელია.

,,ფიზკულტურის გაკვეთილზე რას ვაკეთებთ? რას უნდა ვაკეთებდეთ? შეშას თუ დაგვაჭრევინებენ ან გადაგვაზიდინებენ, სხვა რა უნდა გავაკეთოთ?" - ამბობს მე-9 კლასელი მოსწავლე, რომელიც მალე ამ სკოლასაც დაამთავრებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები