ახალი ამბები
მთისა და ბარის გამყოფი არხი საკორინთლოსა და ახალშენას შორის
სოფელ საკორინთლოში ორი გამყოფი ხაზია - ერთი ოკუპირებულ ტერიტორიასთან, მეორე - ახალშენთან.

ერთ დროს სოფლის ახალაშენებული გარეუბანი, ამჟამად, ცალკე დასახლებულ ტერიტორიად ითვლება და სოფელი ახალშენი ჰქვია.

საკორინთლოსა და ახალშენს ერთმანეთს აბრევულას არხი ჰყოფს.

არხის ერთ მხარეს მთის დასახლების სტატუსი მიანიჭეს, მარჯვენა მხარეს კი, ბარის. არხის ერთ მხარეს ,,მთაში" ერთი ძმა ცხოვრობს, არხის მეორე მხარეს, ,,ბარში" - მეორე ძმა.

მათ საცხოვრებელ სახლებს შორის მანძილი კი, 5-10 მეტრია.

ამ ამბავმა ახალშენას მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან, მთის დასახლების სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, იქ მცხოვრებთ პენსია გაეზრდებოდათ.

ორივე სოფელში კი, ძირითადად, პენსიონერები ცხოვრობენ. შვილიშვილები, ძირითადად, არდადეგებზე ან დასვენების დღეებში მიდიან.

ვიდრე სტატუსის საკითხი, საბოლოოდ, გაირკვეოდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, სოფელში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი იმყოფებოდა.

მზია კონიაშვილმა მას ამის შესახებ დაუსვა კითხვა და დახმარება სთხოვა.

ირაკლი მეზურნიშვილს უპასუხია, რომ იმ პერიოდისთვის დაპირებას ვერ მისცემდა, რადგან ეს მოსყიდვაში ჩაეთვლებოდა.

რაინდი კვინტრაძე საქონელს, სწორედ, ამ გამყოფ ხაზთან აძოვებდა. ის სოფელში 20 წლის წინ მეუღლესთან ერთად დასახლდა, როდესაც სიმამრი გარდაეცვალა.

მას ახსოვს, თუ როგორ გაშენდა ახალშენი.



რაინდი კვინტრაძე საკორინთლო-ახალშენის მიჯნაზე

,,კოლმეურნეობის დროსაც გაურკვეველი იყო ამ სოფლის სტატუსი. ჯერ ერთი სოფლის კოლმეურნეობას მიაკუთვნეს, მერე მეორეს" - იხსენებს რაინდი კვინტრაძე. კომუნისტების პერიოდში ახალშენა ქვემო ჭალას მიაკუთვნეს, რადგან დიდი და ძლიერი სოფელი იყო.

შიდა ქართლში 118 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის აქვს. ამათგან, 24 სოფელი კასპის რაიონშია. სოფლების სია ორჯერ გადაიხედა. არც მეორე შემთხვევაში დაკმაყოფილდა ახალშენელების მოთხოვნა.

მაღალმთიანი დასახლების სტატუსი დასახლების ნუსხაში შეტანიდან 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის თანახმად, მაღალმთიან დასახლებად ითვლება დასახლება, რომელიც ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარეობს.

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იყო, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭებინა დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

ოფიციალური მონაცემებით, ახალშენა ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კრიტერიუმების მიხედვით, მისი სიმაღლე 801 მ უნდა ყოფილიყო. 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 127 ადამიანი ცხოვრობს.



საკორინთლო-ახალშენი, ხედი გადაღებულია სამხრეთიდან


 


Print

სტატიის გამოყენების პირობები