ახალი ამბები
რეგიონის განვითარების ფონდიდან გორსა და გორის რაიონს ერთი ლარიც არ შეხვდა
საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდიდან გორის მუნიციპალიტეტსა და ქალაქს გორს თანხები არ შეხვდა.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე 2017 წლის 14 მარტს მიიღეს.

მთავრობის მიერ მიღებული განკარგულების მიხედვით, მასშტაბური პროექტები შიდა ქართლში, მხოლოდ, ქარელის, კასპისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებს დაუფინანსეს.

ეს ის პროექტებია, რომლის განხორციელება, მწირი ბიუჯეტის არსებობის მიზეზით, ადგილობრივი თვითმმართველობებს არ შეუძლია.

ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი აცხადებს, რომ რეგიონული განვითრების ფონდიდან ქალაქი დაახლოებით 2,5 მლნ ლარს ითხოვს.

,,იმის გამო, რომ მიმდინარე წლიდან გორის ,,დილა" და თეატრი მერიას ჩამოცილდა, 2 მლნ ლარზე მეტი დაგვრჩა. დიდი, ალბათობით, ამ დაზოგილი თანხიდან მოგვიწევს იმ პროექტების განხორციელება, რომელსაც რეგიონული განვითარების ფონდს ვთხოვთ" - გვითხრა ქალაქის მერმა 14 მარტს.

რაც შეეხება გორის რაიონს, აქ შარშანდელი პროგნოზი გამართლდა.

გასულ წელს, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს უთხრეს, რომ თუკი სოფელ ქვახვრელში, ხიდისთავსა და ატენში, დათქმულ პერიოდში ვერ დაასრულებდა მასშტაბურ პროექტებს, მომდევნო, 2017 წელს, რეგ-ფონდი თანხას აღარ გამოუყოფდა.

2016 წელს მასშტაბური პროექტების დაფინანსება, სწორედ, რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

,,მე სულ ორი დღის მისული ვარ, გავერკვევი სიტუაციაში და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს" - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ გელა კაპანაძემ.

ოპტიმისტური განწყობა აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს კოტე თავზარაშვილს.

,,ჩვენს მიერ წარდგენილი პროექტები რეგიონული განვითარების ფონდის კომისიაზე გუშინ (15 მარტი - რედ) განიხილეს. იმედი გვაქვს, რომ მთავრობის მომდევნო სხდომაზე ეს პროექტები დამტკიცდება" - გვითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ კოთე თავზარაშვილმა.

რეგიონების განვითარების ფონდისთვის წარსადგენი პროექტები შიდა ქართლის გუბერნატორთან, საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე იხილება. საბჭოზე მოწონებული პროექტები, შემდეგ, გუბერნატორს სამთავრობო კომისიაზე მიაქვს.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები