ახალი ამბები
მეღორეობის განვითარების კუთხით შიდა ქართლი სხვა რეგიონებს ჩამორჩება
მეღორეობის განვითარების კუთხით, შიდა ქართლი, სხვა რეგიონებთან შედარებით, დაბალი წარმოებით გამოირჩევა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ფლობს.

2016 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში, ოფიციალურად, 134 ათასი სული ღორი ჰყავდათ მოშინაურებული.

2014 წლის მონაცემების მიხედვით კი, ეს ციფრი 204 ათასს აღწევდა, 2015 წელს - 197 700 სული იყო.

მეღორეობის განვითარებით, სამეგრელო-ზემო სვანეთი ლიდერობს, შემდეგ მოდის კახეთი, იმერეთი და ქვემო ქართლი. დანარჩენ რეგიონებს (შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, გურია) დაბალი მაჩვენებელი, ჯამში 26 ათასი სულით, უკავიათ.


2018 წლის პირველი იანვრიდან სურსათის ეროვნული სააგენტო ღორისა და მისი სადგომის რეგისტრაციას დაიწყებს.

ღორის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის ელემენტებია: ნიშანდება, სადგომის რეგისტრაცია და სადგომის წიგნაკი; გადაადგილების დოკუმენტი; მონაცემთა ელექტრონული ბაზა.

თუ სადგომში გამოვლინდა ამ ელემენტებთან შეუსაბამობა ერთ ღორთან მიმართებით მაინც, სააგენტო უფლებამოსილია, აკრძალოს ამ სადგომიდან ყველა ღორის გადაადგილება.

თუ მფლობელი ვერ ამტკიცებს ღორის იდენტიფიკაციას და მასთან დაკავშირებულ მიკვლევადობას, სააგენტოს შეუძლია დაავადების გავრცელების რისკის, ღორის ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის რისკების განსაზღვრის საფუძველზე გადაწყვიტოს ღორის განადგურება.

თუ ღორი ნაწილობრივ აკმაყოფილებს ამ ელემენტებს, სააგენტო უფლებამოსილია, დააწესოს აკრძალვა მხოლოდ მის გადაადგილებაზე, შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

თუ სადგომში იმ ღორების რაოდენობა, რომელიც არ აკმაყოფილებს განსაზღვრულ ელემენტებს, აჭარბებს სადგომში არსებული ღორების საერთო რაოდენობის 20%-ს, აკრძალვა წესდება სადგომში არსებულ ყველა ღორის გადაადგილებაზე.

სადგომში, რომელიც შედგება არაუმეტეს 10 ღორისაგან, ეს მოთხოვნები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 2 ღორზე მეტი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.

თუ მფლობელი არ მიაწვდის ინფორმაციას სააგენტოს სადგომიდან ღორის გადაადგილების, სიკვდილის, მოკვლის, დაკარგვის, საკუთარი მოხმარებისათვის დაკვლის თაობაზე, სააგენტო უფლებამოსილია აკრძალოს ამ სადგომიდან ღორის გადაადგილება.

ნიშანდების არარსებობის შემთხვევაში სადგომში არსებული სხვა ღორის გადაადგილება დაუშვებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეჭვის აღმოფხვრამდე.


წყარო: საქართველოს მთავრობის დადგენილება

Print

სტატიის გამოყენების პირობები