ახალი ამბები
თამარაშენში კაჟაშვილებს წინასწარ აღებული პენსიის გამო სოციალური დახმარება შეუწყვიტეს
სოფელ თამარაშენში ზინაიდა კაჟაშვილს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს.

ამის მიზეზად, პენსიის წინასწარ აღება სახელდება, რომელიც შესაბამის ბანკში კრედიტის სახითაა რეგისტრირებული.

ზინაიდა კაჟაშვილი ამბობს, რომ პენსია, ე.წ. კრედიტის სახით, მან და მისმა ქმარმა ცალკე მცხოვრებ შვილის დასახმარებლად აიღეს.

ამჟამად, ისინი ამ პენსიასაც სრულად ვერ იღებენ. 



,,სულ მალე თვალებზე ოპერაცია უნდა გავიკეთო. ველოდებოდი სოციალურ დახმარებას, მაგრამ მაღალი ქულები მომივიდა. ერთი ძროხა გვყავდა, ისიც გავყიდეთ, შვილის გამო" - ამბობს ზინაიდა კაჟაშვილი.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელში ერთსართულიანი სახლი აქვთ, სადაც, მხოლოდ, ორი ოთახია.

ამ სახლში ნალექის დროს წყალი ჩადის. ამ სახლში ქალბატონი ზინაიდა მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს. ვაჟი, ცალკე ოჯახით, ქალაქში ცხოვრობს.

მიხეილ კაჟაშვილი იხსენებს, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელმა, ბინის დათვალიერების დროს, ნაკვეთში მოყვანილი კარტოფილის მარაგი ნახა.

,,თურმე ოთხი ტონა ჩაუწერია საბუთებში, არადა, ფარდულში მხოლოდ 5 ტომარა კარტოფილი იყო" - ამბობს მიხეილ კაჟაშვილი.

ეზოში 5 ქათამი და 3 ბატი ჰყავთ. მათ საკვებსაც კი, პენსიით ყიდულობენ.








Print

სტატიის გამოყენების პირობები