ახალი ამბები
პრეზიდენტმა გორის უნივერსიტეტის პროფესურას აქტიურ სამოქალაქო ჩართულობისკენ მოუწოდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში შეხვედრას გორის უნივერსიტეტში მართავს.

,,კონსტიტუცია ყველასია" - ამ კამპანიის ფარგლებში მისი ვიზიტი შიდა ქართლში დღეს კასპის ოკუპაციის მუზეუმიდან დაიწყო.

გორის უნივერსიტეტში ის ადგილობრივ პროფესურას, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და სტუდენტებს ესაუბრება. სააქტო დარბაზში თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, მას პროფესორ-მასწავლებლების მოსაზრებები აინტერესებს.

,,მე გორში როცა ვიყავი, ძირითადად სტუდენტების აზრი მოვისმინე. ამჯერად, დღეს დიდი სურვილი მაქვს, რომ პროფესურას აზრი მოვისმინო" - განაცხადა პრეზიდენტმა.

,,იმ დროს, როდესაც კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა მიმდინარეობს, ამ ქვეყნის ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება თავისი აზრი გამოხატოს იმის გათვალისწინებით, რომ მათი აზრი სავალდებულოდ გათვალისწინებული არ იქნება. მაგრამ მათი აზრი იქნება მიღებული, მოსმენილი და შესაძლოა სხვათა აზრთან ჭიდილში რაღაცა თანხმობამდე მივიდეთ. ეს არის კონსტიტუციონალიზმის დისკურსი, ეს არის თავისუფლების განხორციელება, როგორც მოქალაქეთა თავისუფლების განხორციელება." - განაცხადა პრეზიდენტმა.

აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი თვლის, რომ შეხედულების გამოხატვით, იმ ადამიანებს ეხმარებიან, ვინსაც საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შეაქვს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები